ერთი შემოთავაზება გვაქვს: 2026 წელს მეტი დრო იმ რაღაცების კეთებას დაუთმეთ, რაც ნამდვილად გსურთ და გსიამოვნებთ, რაც თქვენს ინტერესებს ემსახურება და თავს ცოცხლად გაგრძნობინებთ. არ გეგონოთ, რომ ამ პროცესში AI მოასწრებს თქვენს სამსახურებრივ მოვალეობებზე დაუფლებას ან ახლა არაა ამის დრო, რადგან ბევრი რამ გაქვთ გასაუმჯობესებელი და გარშემოც კრიზისია… პირიქით, თუ ახალ წელს სასურველი რაღაცების კეთებას დაუთმობთ, გაოცებული დარჩებით მისი დადებითი ეფექტით თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
„ოფლაინ რეჟიმში ისეთი საინტერესო რაღაცები გააკეთეთ, რომ ონლაინ სამყაროში შებიჯების იდეაც კი არ გაგიჩნდეთ“.
თუ გამუდმებით სქროლავთ და ამის გამოსწორება გსურთ, ოღონდ აპლიკაციების დაბლოკვისა და მკაცრი პერსონალური წესები არ მუშაობს, უკეთესი გზა ოფლაინ რეჟიმში იმდენად საინტერესო რაღაცების კეთებაა, რომ ონლაინ სივრცე სულ არ გაგახსენდეთ. ხომ გქონიათ ისეთი დღეები, როცა ტელეფონის ხელში აღება დაგვიწყდებიათ? ზუსტად ამას მოვიაზრებთ აქ. შესაძლოა, მეგობართან საუბარში ჩაეფლოთ ან წიგნი აღმოჩნდეს ძალიან საინტერესო… ან თუ გსურთ, შვილები მოაშოროთ ეკრანებს, ეცადეთ მათთან დრო ნაყოფიერად გაატაროთ ისე, რომ არც მათ მოუნდეთ ეკრანების ცქერა.
„გამოყავით დრო ხელოვნებისთვის, მუსიკისთვის, წერისთვის, მივიწყებული მეგობრობისთვის, აქტივიზმისთვის…“.
არ აკეთოთ ის, რაც გეზიზღებათ — იქნება ეს ჯანსაღი საკვების მირთმევა თუ ვარჯიშები. უმჯობესია, რაიმე სასარგებლო მოამზადოთ, სხეულიც ისე ამოძრაოთ, როგორც გესიამოვნებათ, რათა ეს ყველაფერი სასჯელს არ დაემსგავსოს. პროცესში კი ეცადეთ, თქვენთვის სასიამოვნო რაღაცების კეთებაც მკაცრი გეგმისა და წესების ქვეშ არ მოაქციოთ, რადგან ასე ძალიან გაგიჭირდებათ. თანაც, ბევრი წესი მოტივაციას კლავს.
ისიც გახსოვდეთ, რომ გასაკეთებელი საქმეების სია არასდროს ამოიწურება, შესაბამისად, ლოდინი იმისათვის, რომ ცხოვრებით დატკბეთ, აზრს მოკლებულია. უმჯობესია, ამისთვის 2026 წელი აირჩიოთ, გააკეთოთ ის, რაც სტრესს შეგიმსუბუქებთ და კონტროლის შეგრძნებას გაგიჩენთ. ასე თავს უფრო ბედნიერადაც იგრძნობთ.
„გაუგებარია, რისთვის ვცოცხლობთ სინამდვილეში, თუ ეს უფრო მეტად იმის კეთებას არ ეხება, რაც თავს ყველაზე ცოცხლად გვაგრძნობინებს“.
არ შეშინდეთ და არ ჩათვალოთ, რომ თქვენთვის სასიამოვნო რაღაცების კეთება ზარმაც ან უპასუხისმგებლო ადამიანად წარმოგაჩენთ. ჯერ კარგად დაფიქრდით, რა გსიამოვნებთ და შემდგომ, შესაძლოა, ჯანსაღი და გამოსადეგი ქმედებები მასშიც იპოვოთ. თვითდისციპლინა კი მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ცხოვრებისეული სიამოვნებების გადადება ღირს, სამყაროსაც ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებმაც ცხოვრებით ტკბობა იციან.
„მარშმელოუს ექსპერიმენტი“ კი გვეუბნება, რომ თვითდისციპლინაა ერთი მარშმელოუს მირთმევა გადადო, რათა მოგვიანებით კიდევ ერთი მიიღო, მაგრამ ცხოვრება საერთოდ არ დაგაჯილდოვებთ იმის გამო, რომ თქვენი სიამოვნება გვერდით გადადეთ, თანაც იმდენჯერ, რომ ათასობით შეუჭმელი მარშმელოუ დაგიგროვდათ… ამიტომ, 2026 წელს ეცადეთ, აკეთოთ ის, რაც თავად გსიამოვნებთ.