ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, გასულ წელს მეზობელი ლატვიიდან ლიეტუვაში მეორადი მიგრაცია ორჯერ გაიზარდა, რაც ბელარუსის მხრიდან ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე გაზრდილმა ზეწოლამ განაპირობა.
2025 წელს ლიეტუველმა მესაზღვრეებმა 1 288 მიგრანტი დააკავეს, რომლებიც ლატვიაში ბელარუსიდან შევიდნენ და მოგვიანებით, დასავლეთ ევროპაში - ძირითადად გერმანიაში - მოხვედრას ლიეტუვისა და პოლონეთის გავლით ცდილობდნენ. შედარებისთვის: 2024 წელს არალეგალური მიგრანტების დაკავების 540 ფაქტი დაფიქსირდა.
დაკავებულთა უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი საკუთარი ქვეყნებიდან რუსეთში მოქმედი სამგზავრო დოკუმენტებით ჩაფრინდნენ, შემდეგ კი მანქანით ბელარუსში გაემგზავრნენ. კონტრაბანდისტების დახმარებით მათ ლატვიის საზღვარი გადაკვეთეს, საიდანაც წინასწარ შეთანხმებულ ადგილებზე მიიყვანეს და დასავლეთის მიმართულებით წაიყვანეს.
სხვების თქმით, ისინი სამშობლოდან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ან თურქეთის გავლით, პირდაპირ ბელარუსში ჩავიდნენ. გასულ წელს დაკავებულთა შორის ყველაზე მეტნი სომალის (459 პირი) და ავღანეთის (162) მოქალაქეები იყვნენ.
ლატვიის გავლით მოძრავი მიგრანტებიდან 825 (ანუ, 64%) ლიეტუველმა მესაზღვრეებმა დააკავეს, ხოლო 436 პოლონეთის ხელისუფლებამ შეაჩერა. პროცედურების გავლის შემდეგ, ლიეტუველი მესაზღვრეები მათ, როგორც წესი, ლატვიელ ოფიციალურ პირებს გადასცემენ.

მესაზღვრეები ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზეფოტო: ი. სტაცევიჩიუსი / ლიეტუვის ეროვნული ტელე-რადიო მაუწყებელი (LRT)
ლიეტუვის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ქვეყანაში დაკავებულ მიგრანტთა 17% ლატვიაში არსებული უცხოელთა განთავსების ცენტრებიდან გაიქცა, სადაც ისინი ლატვიელი მესაზღვრეების მიერ დაკავებისა და თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ განათავსეს. მიგრანტებს, თავშესაფრის მიღების შესახებ მათი განაცხადების განხილვის პერიოდში, ლატვიის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება ჰქონდათ, რაც ზოგიერთმა ქვეყნის დასატოვებლად და, ლიეტუვისა და ევროკავშირის შიდა საზღვრების გავლით, დასავლეთისკენ გზის გასაგრძელებლად გამოიყენა.
მიგრანტების უმეტესობა, კონტრაბანდისტების დახმარებით, 10-ზე მეტკაციან ჯგუფებად, მანქანით გადაადგილდებოდა. ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მიგრანტები რეგულარული ავტობუსების რეისებით სარგებლობას ყალბი დოკუმენტებით, სხვისი სამგზავრო საბუთებით ან საერთოდ უსაბუთოდ ცდილობდნენ.
გასულ წელს ლიეტუველმა მესაზღვრეებმა ადამიანების უკანონო გადაყვანის ფაქტზე 85 წინასწარი გამოძიება დაიწყეს და 101 ეჭვმიტანილი გადამყვანი დააკავეს. მათი უმეტესობა უკრაინის (26), ლატვიის (24), ლიეტუვის (17) და ესტონეთის (11) მოქალაქე იყო.
გასულ წელს, ლატვია, არალეგალური მიგრაციის მხრივ, გაზრდილი ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა, რაც ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბელარუსის მიერ იყო ორკესტრირებული. 2025 წელს, ლატვიაში შესვლა ჯამში 12 003-მა მიგრანტმა სცადა; ისინი ან დააკავეს და ბელარუსში დააბრუნეს, ან საზღვრიდან უკან გააბრუნეს. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 5 306-ს შეადგენდა.
წყარო 1 არხი