აშშ-მა დაიწყო სახიფათო ომი ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. განცხადების თანახმად, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს, რომ სწორედ შეერთებულმა შტატებმა, მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, უღალატა დიპლომატიას, წაახალისა უკანონო და გენოციდის ჩამდენი ისრაელის რეჟიმი კონფლიქტის გაღვივებისკენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეჟიმი, რომელსაც უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი აქვს, არ იცავს არც კანონს და არც მორალურ პრინციპებს, თავს არ იკავებს არცერთი დანაშაულისგან და არც საერთაშორისო ნორმების დარღვევისგან.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების უხეშ და უპრეცედენტო დარღვევაში ადანაშაულებს.
„აშშ-ის სამხედრო აგრესია გაერო-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა დანაშაულებრივი თანამშრომლობით გენოციდურ სიონისტურ რეჟიმთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე დომინირებულ სისასტიკეს, ამორალურობას და ამერიკის მმართველი ისტებლიშმენტის ღრმა მტრობას ირანის მშვიდობისმოყვარე და დამოუკიდებლობის მომხრე ხალხის მიმართ. ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს უფლებას, სრული ძალით დაიცვას თავი აშშ-ის სამხედრო აგრესიისა და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებისგან. უფრო ნათლად, ვიდრე ოდესმე, ამან გამოავლინა შიშველი სიმართლე, რომ ამერიკული პოლიტიკა და მმართველობა არის კორუმპირებული და კრიმინალური სიონისტური კარტელის კონტროლის ქვეშ, რომელიც იყენებს ამერიკელების სიმდიდრეს, სიცოცხლეს და რეპუტაციას საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად მსოფლიოსა და დასავლეთ აზიაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
ცნობისთვის, აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.
უფრო კონკრეტულად, შეერთებიულმა შტატებმა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტებზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში.
ირანული მხარე ამტკიცებს, რომ დაბომბვამდე სამივე ლოკაციიდან ევაკუაცია იყო განხორციელებული.
ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის აშშ-მა B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ.
ირანი ყველა ვარიანტს იტოვებს აშშ-ის დარტყმებზე საპასუხოდ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაკჩიმ X-ზე დაწერა, რომ თავდასხმები „აღმაშფოთებელი იყო და მას სამუდამო შედეგები მოჰყვება“.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.
თეირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მოითხოვს.
ცნობისთვის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.
საუდის არაბეთშიც განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ რადიაციის არანაირი კვალი არ ფიქსირდება.