საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის შეფასებით, ისრაელ-ირანის კონფლიქტს, მოკლევადიან პერიოდში, საქართველოს ტურიზმზე გავლენა ექნება, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ყველა ომის შემდეგ აღმავლობის ფაზა იწყება. ამის შესახებ იციკ მოშემ, BMGTV-ს გადაცემა „საქმიანი დილაში“ ისაუბრა.
მისი შეფასებით, ისრაელიდან ტურისტული ნაკადის შემცირება არამხოლოდ ტურისტულ სექტორს, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს.
„მოკლევადიან პერიოდში, ისრაელიდან შეჩერებულია ფრენები, რაც გავლენას იქონიებს ტურიზმზე. ეს შეეხება არამხოლოდ ახალ ტურისტებს, არამედ მათ, ვინც ახლა საქართველოში არიან და ისრაელში დაბრუნება სურთ. ისინი ფრენებს ელოდებიან, რომ სახლში დაბრუნდნენ. შესაბამისად, ისრაელში არსებული ვითარება მოკლევადიან პერიოდში ტურიზმსა და რა თქმა უნდა, ეკონომიკაზეც იმოქმედებს. მაგრამ როგორც ყველა ომის შემდგომ პერიოდს აქვს აღმავლობა, მე მჯერა, რომ მომავალში საქართველო-ისრაელის ურთიერთობები უფრო მეტად გაიზრდება", - განმარტავს იციკ მოშე.
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ომის პირობებში სხვა ეკონომიკურ საკითხებსა და თანამშრომლობაზე საუბარი რთულია, თუმცა ისრაელელები პრობლემებს არა შიშით, არამედ იმ კუთხით უყურებენ, თუ რა სამუშაოებია გასატარებელი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ის ამბობს, რომ ომის შემდეგ დაელოდება საქართველოს ეკონომიკური ბლოკის მინისტრების აქტივობას, რათა ისრაელთან ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს.
"პრობლემის არსებობისას ჩვენ მის ზომას კი არ უნდა შევხედოთ და დეპრესიაში ჩავვარდეთ, პირიქით, ეს არის იმის პარამეტრი, რომ ჩვენ ვიცოდეთ რამდენად უნდა ვიმუშაოთ, თუ უფრო დიდი პრობლემა იქნება, უფრო მეტს ვიმუშავებთ ტურიზმზე, ინვესტიციებზე და რა თქმა უნდა, როდესაც ძალიან დიდი პრობლემა იქნება, მე დაველოდები, რომ საქართველოდან ეკონომიკის ბლოკის მინისტრები ჩემთან ერთად წამოვლენ ისრაელში და ომის შემდეგ დაელაპარაკებიან ისრაელელ ინვესტორებს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. ყველა პრობლემას აქვს გამოსავალი. მჯერა, რომ არ არსებობს პრობლემა, რომლის გამოც საქართველო-ისრაელის ურთიერთობები ან ეკონომიკური ურთიერთობები შემცირდება“, - განმარტა იციკ მოშემ.
ცნობისთვის, ისრაელიდან საქართველოში ვიზიტები მზარდია. 2024 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში ისრაელი მეოთხე ადგილს იკავებს. მას რუსეთი, თურქეთი და სომხეთი უსწრებენ. გასულ წელს ისრაელიდან საქართველოში 310 982 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 43.3%-ით აღემატება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 80 896 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი 46 789 იყო. მეორე კვარტალის სტატისტიკა, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, მოლოდინია, რომ ისრაელ-ირანის კონფლიქტი მასზე უარყოფითად აისახება.
მოკლევადიან პერიოდში ისრაელიდან ტურიზმის შემცირების რისკებზე თიბისი კაპიტალიც წერს. მოვლენათა შესაძლო განვითარების სხვადასხვა სცენარში სხვადასხვა ეფექტია მოსალოდნელი, თუმცა TBC Capital-ი გამოყოფს გადაცემის ძირითად არხებს. ორგანიზაციის შეფასებით, მოკლევადიან პერიოდში ყველაზე მოწყვლად ტურიზმი იქნება. ისრაელიდან ჯავშნების გაუქმებაზე BM.GE-ისთან საუბრობენ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც,