კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა, ბათუმში გამართულ მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კვირეულზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა და მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, ასევე ComCom-ის მიღწევები და პროექტები მიმოიხილა.
სიტყვით გამოსვლის ბოლოს გოგა გულორდავამ ტელემაუწყებლობის ნაწილში კომუნიკაციების კომისიის როლზე და მაყურებლის უფლებების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს მედია პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება და 100-ზე მეტი ტელევიზია, საიდანაც 21 ეროვნული მაუწყებელია. მისივე თქმით, მედია მრავალფეროვნებამ და პლურალიზმმა ახალი გამოწვევები შექმნა, კერძოდ დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და ფაქტის, მოსაზრების, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევა, რაც მაყურებელზე ნეგატიურად მოქმედებს:
„აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად ჩვენ უკვე გვაქვს სრულად ევროპული კანონმდებლობა. კომისიის მიზანია, რომ მედიამ დაიცვას კანონი და ჟურნალისტიკის ფუნდამენტური სტანდარტები, რომლებიც აკმაყოფილებენ სიზუსტის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ძირითად პრინციპებს, რათა ჩვენი მაყურებლის ინტერესები იყოს დაცული და მათ ჰქონდეთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ისე ქვეყნის განვითარებისთვის.“ — განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.
ღონისების ფარგლებში, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ მოდერაცია გაუწია პანელს, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლების ინტერესებისა და უფლებების დაცვის აღსრულების მექანიზმებისა და დანერგილი სტანდარტების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სემეკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისსა და რეგიონებში იმართება.