,,ეკონომიკური ზრდა ერთი რომელიმე დარგის ზრდა არ არის, ეს ორკესტრირებული წარმატების ნიშანია",- ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, მარტში დაფიქსირებული 9%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალ მაჩვენებელია, რომელიც გლობალურ პროგნოზს მნიშვნელოვნად - დაახლოებით 2.7 პროცენტული პუნქტით უსწრებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შედარებით კონსერვატიული შეფასებითაც კი, წლიური ზრდა 5-6%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, რაც ქვეყნის ეკონომიკური დინამიკის სიმყარეზე და გლობალურ კონტექსტში მის გამორჩეულ პოზიციაზე მიუთითებს.

,,მარტის თვეში გამოქვეყნებული 9%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია,  რომელიც გლობალურ პროგნოზს დაახლოებით 2.7-ით უსწრებს. სავალუტო ფონდის კონსერვატიული შეფასებითაც კი ეს მაჩვენებელი სადღაც წლის განმავლობაში 5-იდან 6%-მდე იქნება. აღნიშნული ზრდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ ჩვენ სამეზობლოში, არამედ გლობალურად და იძლევა საშუალებას უფრო თვალსაჩინო გახდეს ჩვენი მისწრაფება საქართველოს ისტორიული ჩამორჩენის დასაძლევად.

2012 წლის შემდეგ მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში 50-51 ერთეულით დავწინაურდით ერთ სულზე მშპ-ს წარმოებით და ეს ტენდენცია ზრდადია. თუ ავიღებთ ერთ სულზე წარმოებულ მშპ-ს აქაც პროგრესი გვაქვს. 2010 წლისთვის მსოფლიო დონეს ჩამოვრჩებოდით სადღაც 30%-ით და ახლა ვუსწრებთ დაახლოებით 27%.

ეკონომიკური ზრდა ერთი რომელიმე დარგის ზრდა არ არის, ეს ორკესტრირებული წარმატების ნიშანია; რეალური და მომსახურების სექტორის თანაწყობით მიღწეული ზრდა.

ბოლო თვეების განმავლობაში ადგილობრივი ექსპორტი საკმაოდ დიდი მოცულობით იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოება იზრდება",- აღნიშნა არჩვაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.