კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა, ბათუმში გამართულ მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კვირეულზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა და მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, ასევე ComCom-ის მიღწევები და პროექტები მიმოიხილა.
ღონისძიების ფარგლებში გოგა გულორდავამ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიის ინსტრუმენტებსა და პლატფორმებზეც გაამახვილა ყურადღება:
„ComCom-მა შექმნა არაერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ აბონენტებმა გაიმარტივონ ინტერნეტის მოხმარება. კერძოდ, კომისიამ შექმნა პლატფორმები, რომლებიც მომხმარებელს 24-საათიან რეჟიმში აძლევს შესაძლებლობას შეამოწმოს ფიქსირებული ინტერნეტის ხარისხი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს კომისიას, რომელიც კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას.“ — აღნიშნა მან.
გოგა გულორდავამ სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროექტის დაწყების დღიდან, კომპანია „ოუფენ ნეტმა“ ComCom-ის მხარდაჭერით 3000 კილომეტრიანი ოპტიკური მაგისტრალი ააშენა, რაც 260 000 მოსახლეს ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას აძლევს. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ინტერნეტიზაციის პროექტის მხარდასაჭერად კომისია „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს შერჩეული მუნიციპალიტეტებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ციფრული ცნობიერების ამაღლებას, მათთვის ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლებისა და ციფრულ ეკონომიკაში ჩართულობის ხელშეწყობას.
„პროექტის დაწყებიდან ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონსა და სოფელში 800-მდე სემინარი ჩატარდა და 10 000-ზე მეტი ბენეფიციარი სრულიად უფასოდ გადამზადდა.“ — განაცხადა გოგა გულორდავამ.
ღონისების ფარგლებში, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ მოდერაცია გაუწია პანელს, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლების ინტერესებისა და უფლებების დაცვის აღსრულების მექანიზმებისა და დანერგილი სტანდარტების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სემეკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისსა და რეგიონებში იმართება.