თბილისში მდებარე სასტუმროების ნაწილში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს საქართველოს საქმიანი ტურიზმის დარგზე ნეგატიური გავლენა აქვს.
როგორც BMG-სთან Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი აცხადებს, მიმდინარე პერიოდი როგორც წესი, აქტიური სწორედ კორპორაციული ღონისძიებების მიმართულებით არის ხოლმე. თუმცა ელენე ოთარაშვილის თქმით, რეგიონში არსებული სამხედრო კონფლიქტის ფონზე, მიმდინარე თვეში კორპორაციული ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა, როგორც ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან.
“მიმდინარე პერიოდში ჩვენს გარშემო არსებულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ და საომარმა მოქმედებებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ტურიზმზე და პირველ რიგში, დარტყმა მოდის საქმიან ტურიზმზე. გვაქვს აბსოლუტური გაუქმებები ისრაელიდან, მნიშვნელოვანი წილი გაუქმებები მოდის ევროპულ ჯგუფებზე და ასევე არაბული ქვეყნების ჯგუფებზე. აქ მნიშვნელოვანი წილი მოდის ასევე იმაზე, რომ გარკვეული მიმართულებით ფრენები შეიზღუდა, რამაც ასეთი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ჯამში ჩვენი სასტუმროს მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, დაახლოებით 30%-ს შეადგენს ამ თვის დანაკარგი საქმიანი ტურიზმის მიმართულებით.
ევროპული ჯგუფები განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდებიან რისკის ზონებს. მოგეხსენებათ, ახლა ჩვენს გარშემოც “გაწითლებულია” ყველაფერი, შესაბამისად, მათთვის ახლა ჩვენ ძალიან სარისკო ზონაში ვართ და ეს ბუნებრივად ხდება. რა თქმა უნდა, როგორც კი რაღაც არეულობაა ჩვენს გარშემო ან ჩვენთან, ევროპული ქვეყნები მაშინვე წყვეტენ მოგზაურობას.
ეს ღონისძიებები მოიცავს ბიზნეს შეხვედრებს, კონფერენციებს, “ვორქშოფებს”. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა არის სწორედ საქმიანი ტურიზმის სეზონი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ გავიარეთ ეს დაბალი სეზონი, როდესაც ისედაც დაბალი მოთხოვნა იყო ტურისტულ ბაზარზე, ძალიან დიდი იმედით ველოდებოდით მარტს და გვქონდა ძალიან კარგი მოლოდინი, კარგი ჯავშნები და ამ მხრივ კიდევ უფრო კრიტიკულია ჩვენთვის ახლა ეს დანაკარგი. აპრილს ჯერჯერობით არ ვეხებით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დროებითი მოვლენაა და რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია”, - განაცხადა ელენე ოთარაშვილმა.