წელს იანვარ-მაისში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ბიუჯეტში 69 131 328 ლარი შევიდა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 30%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე) 2024 წლის იანვარ-მაისში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 53 386 776 ლარი შევიდა.
შესაბამისად, ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წლის 5 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15.7 მლნ ლარით გაიზარდა.
არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოს დერეფანი 197 518-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 152 533-მა ტრაილერმა. გამოდის, წელს, ქვეყნის საზღვარი 44 985 ტრაილერით მეტმა გადაკვეთა.
ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.