სასამართლომ დონალდ ტრამპის თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობის პროექტის გაგრძელება დროებით შეაჩერა, – ამის შესახებ „ბიბისი” წერს.
როგორც მედია იუწყება, სასამართლომ დაადგინა, რომ პროექტის დაწყებამდე სათანადო პროცედურები არ იყო დაცული.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა ფონდმა თეთრი სახლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
„მივედი დასკვნამდე, რომ ეროვნულ ფონდს წარმატების დიდი შანსი აქვს, რადგან არ არსებობს არცერთი კანონი, რომელიც პრეზიდენტს მის მიერ მოთხოვნილ უფლებამოსილებასთან მიახლოებულ ძალაუფლებას მაინც მიანიჭებდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არის თეთრი სახლის მმართველი მომავალი თაობების ოჯახებისთვის. თუმცა ის არ არის მისი მფლობელი! ვიდრე კონგრესი არ დაამტკიცებს ამ პროექტს კანონით გათვალისწინებული ნებართვით, მშენებლობა უნდა შეჩერდეს!”- ნათქვამია მოსამართლე რიჩარდ ლეონის გადაწყვეტილებაში.
სარჩელში ფონდი ამტკიცებდა, რომ თეთრმა სახლმა კანონი დაარღვია, როდესაც მშენებლობა დაიწყო გეგმების წარდგენის გარეშე, არ მოითხოვა პროექტის გარემოსდაცვითი შეფასება და უარი თქვა კონგრესისგან ნებართვის მოთხოვნაზე. ასევე, მოსამართლემ დაადგინა, რომ ტრამპი არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციას, „რომელიც კონგრესს უტოვებს უფლებას, განკარგოს და დაადგინოს ყველა წესი შეერთებული შტატების საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით“.
აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
„ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული ფონდი მიჩივის ბიუჯეტის ფარგლებში, გრაფიკზე ადრე აშენებული საბანკეტო დარბაზის გამო, რომელიც გადასახადის გადამხდელებისთვის უსასყიდლოდ შენდება და მსოფლიოში ამ ტიპის საუკეთესო შენობა იქნება”, – წერს ტრამპი.