სწავლის მიტოვების მაჩვენებელი 2025 წელსაც მაღალია და მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ ბავშვიანი ოჯახების საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება - გასულ წელს, მოსწავლის სტატუსი 7248 ბავშვს შეუჩერდა, 1366-ს კი შეუწყდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წელის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტში წერია, რომ ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, ისევ თბილისში (3434), ქვემო ქართლისა (1371) და აჭარის (1050) რეგიონებში იკვეთება.
„2025 წელს ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 2086 საჯარო და 206 ავტორიზებული კერძო სკოლა, რომელთაგან 9 პანსიონურ მომსახურებას ეწეოდა. 2025-2026 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული მოსწავლეების ჯამურმა რაოდენობამ 643 801 შეადგინა. სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს განათლების სამინისტრომ 55 რეაბილიტირებული საჯარო სკოლა მიიღო-ჩაიბარა, ხოლო გასული წლის საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით, 75 სკოლა გადაეცა. გარდა ამისა, სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა 8 სახელმწიფო შესყიდვა.
აღსანიშნავია, რომ 297 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორ და მეტ ცვლაში, მათ შორის, 22 სკოლის შემთხვევაში - სამ ცვლაში მიმდინარეობს, რაც უმეტესად მოსწავლეთა დიდი კონტინგენტით არის განპირობებული. მითითებული 22 სკოლიდან 16 შემთხვევაში სამ ცვლაში სწავლების მიზეზი, სწორედ, მოსწავლეთა რაოდენობა, ხოლო 6 სკოლის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოები და სწავლის ალტერნატიულ სივრცეში წარმართვაა. საყურადღებოა, რომ ცვლების რაოდენობა, განსაკუთრებით კი სამცვლიანი რეჟიმი, უარყოფითად აისახება ბავშვების კლასგარეშე და არაფორმალურ აქტივობებში ჩართვისა და მათი განვითარების შესაძლებლობაზე.
ზოგადი განათლების უწყვეტობის კუთხით კვლავ იკვეთება პრობლემური ტენდენციები. კერძოდ, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობრივი მაჩვენებლის მიუხედავად, 2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა უმრავლეს შემთხვევაში, კვლავაც „ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების“, „მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მოსწავლის განცხადების“, 45 სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლის გამოუცხადებლობისა და „პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელების“ საფუძვლით ხდება. ამასთანავე, ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, ისევ თბილისში (3434), ქვემო ქართლისა (1371) და აჭარის (1050) რეგიონებში იკვეთება.
საქართველოს სახალხო დამცველი, მრავალი წელია მიუთითებს მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ერთიანი სტატისტიკის დახვეწის აუცილებლობაზე. მიუხედავად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოებისა, პროცესი ამ დრომდე არ არის დასრულებული. შესაბამისად, სტატისტიკის წარმოების არსებული ფორმა და სწავლის მიტოვების საფუძვლები კვლავ დასაზუსტებელია.
მისასალმებელია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, სსიპ მანდატურის სამსახურთან კოორდინაციით „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვის წესის“ სამუშაო ვერსიის მომზადება. იგი განსაზღვრავს როგორც კონფლიქტის მართვისა და დარეგულირების პროცედურებს, ასევე აწესებს მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვის საგამონაკლისო წესს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც მასწავლებლის მხრიდან შესაძლო უფლებადარღვევის გამო მოსწავლე არ ესწრება საგაკვეთილო პროცესს და მას სხვა პედაგოგი უტარებს გაკვეთილებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში განათლების სამინისტრო განაგრძობს სასკოლო სივრცეში კვების ობიექტების მოწყობაზე მუშაობას, 2023 წლის განათლების რეფორმის ფარგლებში დამტკიცებული „სასკოლო კვების პროგრამა“, რომელიც სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა, ამ დრომდე არ არის დანერგილი. ბავშვთა სიღარიბისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლებში უფასო კვების დასანერგად შესაბამისი ღონისძიებების ინტენსიურად განხორციელება, უმნიშვნელოვანესია ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად,“ - აღნიშნულია ანგარიშში.
ვრცლად: www.interpressnews.ge