„ლივერპულმა“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ალისონ ბეკერთან დაკავშირებით, ხოლო გიორგი მამარდაშვილისთვის პირველი ნომრობა ჯერ ნაადრევია, – ამის შესახებ Liverpoolecho-თან ინტერვიუში „ლივერპულისა“ და აშშ-ის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ბრედ ფრიდელმა განაცხადა, როდესაც ალისონ ბეკერსა და გიორგი მამარდაშვილზე კითხვა დაუსვეს.

„ბრაზილიელ მეკარესთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება გონივრული გადაწყვეტილებაა, მიუხედავად იმ ტრავმებისა, რომლებიც მას ბოლო წლებში აწუხებდა. მართალია, ბოლო ორი სრული სეზონის განმავლობაში პრემიერლიგაში 20 მატჩი გამოტოვა და სანაკრებო შესვენებამდე მიღებული კუნთის ტრავმის გამო ამჟამად ვერ თამაშობს, მაგრამ ის ფანტასტიკური და წარმოუდგენლად ნიჭიერი მეკარეა. ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი შეცვლა ძალიან რთული იქნება.

დიახ, ტრავმები ჰქონდა და ალისონი ბევრ დროს აცდენდა, მაგრამ მინდა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ჩვენს გუნდში. ამ ეტაპზე „ლივერპულში“ ის ნამდვილად პირველი ნომერია. მამარდაშვილმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, იქნება თუ არა ალისონის გრძელვადიანი მემკვიდრე.

რამდენად კარგი შეიძლება იყოს მამარდაშვილი, რთულია პასუხის გაცემა, რადგან საქმეში ხშირად არ გვინახავს. მთავარი ის არის, როგორ უმკლავდება შეცდომებს – შეუძლია თუ არა სწრაფად რეაბილიტაცია და მათზე სწავლა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, დაამტკიცოს, რომ სტაბილურად შეუძლია თამაში“, – ამბობს ფრიდელი.

წყარო: პირველი არხი