საფრანგეთში გაზეთ La Tribune Dimanche-ის დაკვეთით Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა თავდაცვის ხარჯების ზრდას ემხრობა მაშინაც კი, თუ ეს ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთანაა დაკავშირებული.
გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა 1000-მა ადამიანმა მიიღო, ფრანგების 68% ძლიერად უჭერს მხარს ან ზოგადად ემხრობა ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას, ხოლო 66% მხარს უჭერს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზეც კი.
გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საჯარო პოპულარობა გაიზარდა პარალელურად მისი ლიდერობისა ინიციატივაში, აშშ-ს მიერ უკან დახევის ფონზე ევროპამ თავდაცვის ხარჯები გაზარდოს და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გააძლიეროს.
მაკრონი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გამოვიდა წინადადებით, ევროპის ბირთვული ფარის შესაქმნელად ფრანგული ბირთვული არსენალი იყოს გამოყენებული.
მაკრონმა თქვა, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებს, რათა საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობები ევროპელი მოკავშირეების დასაცავად იყოს გამოყენებული.
12 მარტს, ევროპული სამხედრო შტაბების უფროსების შეხვედრიდან 1 დღის შემდეგ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის მინისტრთა კაბინეტების წევრები პარიზში შეხვდებიან.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ La Tribune Dimanche-სთან ინტერვიუში უკრაინისადმი საფრანგეთის მხარდაჭერა გაიმეორა და თქვა, რომ მას სამხედრო ხარჯების გაზრდა სურს.
ლეკორნუს თქმით, საფრანგეთის 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით, რომელიც 50.5 მილიარდ ევროს შეადგენს, "წელიწადში დაახლოებით 100 მილიარდი ევრო ჯანსაღი მოცულობა იქნებოდა საფრანგეთის [თავდაცვის] ძალებისთვის".
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ბიუჯეტის დეფიციტის წინაშეა და ზეწოლას განიცდის, შეამციროს იგი, ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ევროკავშირი წევრ ქვეყნებს თავდაცვის ინვესტიციებისთვის მეტი ფისკალური სივრცის მინიჭებას შესთავაზებს.
ლეკორნუმ გაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა უკრაინის განახლებულ სამხედრო დახმარებაზეც.
"არის იდეა, რომ ავიღოთ დაძველებული აღჭურვილობა ფრანგული არმიიდან და გადავცეთ იგი უკრაინას, [მათ შორის, AMX-10RC ტიპის ჯავშანტექნიკა]. მე ამ პროცესს დავაჩქარებ". - თქვა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.
ლეკორნუს თქმით, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტებში საბრძოლო მასალები და ელექტრონული საბრძოლო ტექნიკა შედის.
წყარო: ტაბულა