საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს, რომ ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს ტელეფონით ესაუბრა. მისი თქმით, ირანის ლიდერთან საუბრისას ხაზი გაუსვა რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას.
„ვესაუბრე ირანის პრეზიდენტs, მასუდ ფეზეშქიანს. ვუთხარი მას, რომ ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია საფრანგეთის მოქალაქეების, სესილ კოლერისა და ჟაკ პარიზის უსაფრთხოება და საფრანგეთში დაბრუნება, რომლებიც ამჟამად საფრანგეთის საელჩოში იმყოფებიან.
ხაზი გავუსვი ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას. ირანმა ასევე უნდა უზრუნველყოს ნავიგაციის თავისუფლება ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ჩაკეტვის გაუქმებით.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვი ჩვენი ღრმა შეშფოთება ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების განვითარებასთან, რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევ მის ყველა საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც ამჟამინდელი კრიზისის სათავე გახდა. დიპლომატიური გადაწყვეტა უფრო მეტად არის საჭირო, ვიდრე ოდესმე, ამ მნიშვნელოვანი გამოწვევების მოსაგვარებლად, ესკალაციის დასასრულებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ჩვენ შევთანხმდით, რომ კონტაქტს შევინარჩუნებთ“, – წერს ემანუელ მაკრონი.