რუსეთს არ აქვს დიდი მოლოდინი, რომ უკრაინაში ომის დასრულებაზე შეთანხმება უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი აშშ-თან დიალოგს არსებული სამუშაო არხების მეშვეობით აგრძელებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, იძენს თუ არა დიპლომატიური პროცესი ახალ იმპულსს ლავროვისა და რუბიოს შეხვედრისა და ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ, პესკოვმა უპასუხა:
„ამ ვითარებაში ზედმეტად ოპტიმისტური არ ვიქნებოდი. დიახ, კონტაქტები მიმდინარეობს და ეს ყოველთვის დადებითი მოვლენაა, თუმცა ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ პროცესში ახალი დინამიკა ან მოლაპარაკებების დაჩქარება შეინიშნება. ჩვენ ამერიკელებთან დიალოგს არსებული სამუშაო არხების საშუალებით ვაგრძელებთ და იმედი გვაქვს, რომ როგორც კი ამერიკელი მომლაპარაკებლები უფრო ხელმისაწვდომები იქნებიან, პირისპირ შეხვედრებსაც განვაახლებთ. ისინი შეძლებენ მოსკოვში ჩამოსვლას და დიალოგის გაგრძელებას“.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიმართულებით მნიშვნელოვნად შენელდა, რადგან აშშ-ის ყურადღება ირანთან დაკავშირებულ მოვლენებზე გადავიდა.