პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მიერ კანონებზე დადებული ვეტოებისა და ორი კანონპროექტის საკონსტიტუციო ტრიბუნალში გადაგზავნის შედეგად, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტმა 2026 წელს შესაძლოა 7.3 მილიარდ ზლოტამდე, დაახლოებით 1.7 მილიარდი ევროს, დაგეგმილი შემოსავალი ვერ მიიღოს. შეფასება პოლონურ ბიზნესგამოცემა Money.pl-ს ეკუთვნის და ფინანსთა სამინისტროს მიერ კანონპროექტების განხილვისას წარმოდგენილ მონაცემებს ეფუძნება.
ნავროცკიმ პრეზიდენტობის პირველი წლის განმავლობაში ვეტო 41 კანონს დაადო, ხოლო კიდევ ორი კანონპროექტი წინასწარი განხილვისთვის საკონსტიტუციო ტრიბუნალს გადასცა. Money.pl-ის მიხედვით, დაბლოკილი 41 კანონიდან 24-ს სახელმწიფო ბიუჯეტზე პირდაპირი გავლენა არ ჰქონდა.
ყველაზე დიდი ფისკალური ეფექტი საწვავის კომპანიების ზემოგებაზე დაგეგმილ ერთჯერად გადასახადს უკავშირდება. მისი შემოღებით სახელმწიფო დაახლოებით 3.8 მილიარდი ზლოტის მიღებას ელოდა, თუმცა პრეზიდენტმა კანონი საკონსტიტუციო ტრიბუნალს გადასცა. ალკოჰოლზე აქციზის ზრდის ვეტოს სავარაუდო ეფექტი 1.8 მილიარდი ზლოტია, ხოლო SENT-ის სატვირთო გადაზიდვების მონიტორინგის სისტემის გაფართოების დაბლოკვის შემთხვევაში ბიუჯეტმა შესაძლოა დამატებით 1.2 მილიარდი ზლოტის შემოსავალი ვერ მიიღოს.
Money.pl-ის გათვლით, თუ ამ თანხას შაქრიან სასმელებზე გაზრდილი გადასახადიდან მოსალოდნელი დაახლოებით 850 მილიონი ზლოტიც დაემატება, საერთო მოცულობა 8.2 მილიარდ ზლოტს აღწევს. თუმცა ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში არ უნდა ჩარიცხულიყო და პირდაპირ პოლონეთის ჯანმრთელობის ეროვნულ ფონდს ეკუთვნოდა. შესაბამისად, უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული შეფასება 7.3 მილიარდი ზლოტია.
წყაროები:
Polish Radio, PAP-ის მონაცემებზე დაყრდნობით:
https://www.polskieradio.pl/395/7784/artykul/3716939,vetoes-by-polands-nawrocki-may-have-cost-budget-up-to-pln-73-billion-portal-says
Notes from Poland, საწვავის კომპანიების ზემოგების გადასახადის კანონპროექტის შესახებ:
https://notesfrompoland.com/2026/07/27/polish-president-obstructs-windfall-tax-on-fuel-firms-excess-profits-prompting-government-criticism/