27 თებერვალს Netflix-მა Warner Bros. Discovery-ის შესყიდვისთვის ახალი წინადადების წარდგენაზე უარი თქვა, რამაც მედია გიგანტის შესყიდვის რბოლაში Paramount Skydance მარტო დატოვა. კომპანია Warner Bros. Discovery დაახლოებით $111 მილიარდის ღირებულების ფარგლებში იყიდის.

Warner Bros.-მა, რომელმაც საკუთარი აქტივების გაყიდვის სურვილის შესახებ წინა წელს განაცხადა, 26 თებერვალს თქვა, რომ Paramount-ის უახლესი შეთავაზება Netflix-ის წინადადებასთან შედარებით "უპირატესი", ხოლო თავის მხრივ Netflix-მა უარი თქვა შეთავაზების გაზრდაზე.

Netflix-ის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მათ Paramount-ის შეთავაზების საპასუხო წინადადება აღარ წარადგინეს, რადგან "გარიგება ამ ფასად ფინანსურად მიმზიდველი აღარ იყო".

"ეს გარიგება ყოველთვის იყო ‘სასურველი დამატება’ სწორ ფასად და არა ‘აუცილებელი’ ნებისმიერ ფასად" - განაცხადეს Netflix-ის თანახელმძღვანელებმა ტედ სარანდოსმა და გრეგ პიტერსმა განცხადებაში.

განცხადება სულ რამდენიმე საათში გაკეთდა მას შემდეგ, რაც სარანდოსი ხუთშაბათს თეთრ სახლს ეწვია.

რეგულატორების მიერ შესყიდვის გარიგების დამტკიცების შემთხვევაში, Paramount კონტროლს მოიპოვებს ლეგენდარულ სტუდიაზე, მისი ფილმებისა და მედია ქსელებთან ერთად, როგორებიცაა HBO Max და CNN.

"ამ ორ ჰოლივუდის გიგანტს რეგულატორების მხრიდან შემოწმება ჯერ არ გაუვლიათ — კალიფორნიის იუსტიციის დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს და ჩვენ მკაცრად მივუდგებით ჩვენს მიმოხილვას" - დაწერა კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა, რობ ბონტამ სოციალურ ქსელში.

ბონტამ ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მისი ოფისი განიხილავდა ნებისმიერ გარიგებას, რომელიც Warner Bros.-ს ეხება, რადგან გასართობი ინდუსტრია კალიფორნიის ეკონომიკისთვის "კრიტიკულ სექტორს" წარმოადგენს.

კომპანიას ასევე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტისა და ევროპელი მარეგულირებლების თანხმობა დასჭირდება.

Paramount, რომელიც ცდილობს ჰოლივუდის გავლენიან მოთამაშედ გარდაქმნას თავი, მხარდაჭერილია Oracle-ს მფლობელი მილიარდერის, ლარი ელისონის მიერ და მას მისი შვილი, დევიდ ელისონი ხელმძღვანელობს.

Paramount-ის შეთავაზებამ ყურადღება, ნაწილობრივ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ლარი ელისონს შორის მჭიდრო კავშირების გამო მიიპყრო. ელისონი ასევე რესპუბლიკური პარტიის მსხვილი დონორია.

კომპანიის თავდაპირველი წინადადება ასევე მხარდაჭერილი იყო ტრამპის სიძისა და მრჩევლის, ჯარედ კუშნერის მიერ მისი საინვესტიციო კომპანიის მეშვეობით, რამაც ამერიკაში პრეზიდენტის გავლენის შესახებ შეშფოთება გააჩინა. კუშნერის კომპანიამ, Affinity Partners-მა, დეკემბერში გარიგება  მის გარშემო გაჩენილი კრიტიკის ფონზე დატოვა.

tabula.ge