უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დასრულდა პარტია „ფიდესის“ პრეზიდიუმის სხდომა, სადაც გადაწყდა საპარლამენტო ფრაქციის „კარდინალური რეფორმირება“. ახალი შემადგენლობა 27 აპრილს ჩამოყალიბდება, ხოლო ფრაქციის ხელმძღვანელი გერგეი გულიაში გახდება.

„მანდატი, რომელიც როგორც „ფიდესი”-„ქრისტიან-დემოკრატები” სიის ლიდერმა მივიღე, რეალურად „ფიდესის” საპარლამენტო მანდატია, ამიტომ მისი დაბრუნება გადავწყვიტე. ახლა ის საჭიროა არა პარლამენტში, არამედ ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციისთვის,” - განაცხადა ორბანმა.

ორბანის განცხადებით, პარტია უახლოეს პერიოდში ეროვნულ სხდომას გამართავს, ხოლო ახალი ხელმძღვანელობის არჩევა ივნისისთვის გადაიდო.

ამ ეტაპზე „ფიდესის“ თავმჯდომარის პოზიციას კვლავ თავად იკავებს.

tvpirveli.ge