გაერთიანებულ სამეფოში ახალგაზრდებისთვის სიგარეტის სამუდამო აკრძალვის შემდეგ, თამბაქოს კომპანიები და ვეიპინგის სექტორი აცხადებენ, რომ ახალი კანონი ბაზარს შეამცირებს, საცალო ვაჭრობას დააზარალებს და არალეგალური გაყიდვების რისკს გაზრდის.
საქმე ისაა, რომ ბრიტანეთის თამბაქოს ინდუსტრია ამ კანონს მხოლოდ ჯანდაცვის მხრიდან ვერ უყურებს — სექტორი კანონს აღიქვამს, როგორც ბაზრის ეტაპობრივ შეკუმშვას და საცალო ვაჭრობაზე ზეწოლად.
ბრიტანეთში მოწევა ისტორიულად კლებულობს: ONS-ის მონაცემებით, 2024 წელს გაერთიანებულ სამეფოში ზრდასრული მწეველების წილი 10.6% იყო, რაც დაახლოებით 5.3 მილიონ ადამიანს ნიშნავს. შედარებისთვის, 2011 წელს ეს მაჩვენებელი 20.2% იყო. ანუ ბაზარი ისედაც მცირდება, ხოლო ახალი კანონი ამ კლებას უკვე სამართლებრივად დააჩქარებს.
ახალ კანონზე ინდუსტრიის რეაქცია ძირითადად სამი ხაზით მიდის. Imperial Brands, ერთ-ერთი მსხვილი თამბაქოს კომპანია, პარლამენტში წარდგენილ პოზიციაში წერს, რომ მხარს უჭერს „პროპორციულ, ეფექტიან და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ რეგულაციას“, მაგრამ ეწინააღმდეგება თაობობრივ აკრძალვას. მათი არგუმენტია, რომ ასეთი აკრძალვა გაზრდის აღსრულების ხარჯს, გაართულებს საცალო ვაჭრობის კონტროლს და შესაძლოა არალეგალური ბაზრის რისკი გააძლიეროს.
მსგავსი არგუმენტი ჩანს ინდუსტრიის უფრო ფართო ანალიზშიც: TobaccoTactics-ის მიხედვით, თამბაქოსა და ნიკოტინის ინდუსტრიის აქტორები თაობობრივ აკრძალვას აკრიტიკებდნენ იმ მოტივით, რომ ის დააზიანებს ეკონომიკას, გაზრდის არალეგალურ ვაჭრობას და დამატებით ზეწოლას შეუქმნის რითეილერებს.
ცალკე ხაზია ვეიპინგის ინდუსტრია. Reuters-ის ცნობით, ბრიტანეთში ზრდასრულების დაახლოებით 10%, ანუ 5.5 მილიონი ადამიანი, ვეიპს იყენებს; ვეიპინგის ინდუსტრიის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ზედმეტად მკაცრმა შეზღუდვებმა შესაძლოა ნაწილი მომხმარებლებისა ისევ თამბაქოზე ან დაურეგულირებელ პროდუქტებზე გადაამისამართოს.
ბაზრის მასშტაბი ჯერ კიდევ დიდია. OBR-ის შეფასებით, 2025-26 წლებში თამბაქოს აქციზი ბრიტანეთის ბიუჯეტს დაახლოებით £8 მილიარდს მოუტანს, რაც მთლიანი საგადასახადო შემოსავლების 0.6%-ია. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად მწეველების რაოდენობის კლებისა, თამბაქო სახელმწიფოსთვის კვლავ დიდი ფისკალური წყაროა.
HMRC-ის მონაცემებით, 2024-25 ფინანსურ წელს მხოლოდ სიგარეტზე აქციზის შემოსავალმა £1.79 მილიარდი, ხოლო ხელით დასახვევ თამბაქოზე £1.77 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებლები ბოლო წლებში შემცირებულია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ბაზრის შეკუმშვის ტენდენციას.
საგარეო ვაჭრობის კუთხით, ბრიტანეთი თამბაქოს დიდ მწარმოებელ ექსპორტიორად აღარ ჩანს, მაგრამ ბაზარი იმპორტზეც და სპეციფიკურ პროდუქტებზე ექსპორტზეც დგას. OEC-ის მონაცემებით, 2024 წელს გაერთიანებული სამეფოს თამბაქოსა და შემცვლელი პროდუქტების ექსპორტი $83.8 მილიონი იყო; ძირითადი მიმართულებები იყო ისრაელი, საფრანგეთი და გერმანია.
ამიტომ ახალი კანონის ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ სიგარეტის გაყიდვების აკრძალვით არ იზომება. ის ეხება საცალო მაღაზიებს, დისტრიბუტორებს, ვეიპინგის ბაზარს, საგადასახადო შემოსავლებს და არალეგალური ვაჭრობის კონტროლს. მთავრობის არგუმენტი ჯანდაცვითია: მოწევა ინგლისში ყოველწლიურად დაახლოებით 64,000 სიკვდილს და 400,000 ჰოსპიტალიზაციას უკავშირდება, ხოლო NHS-ისთვის მისი ტვირთი დაახლოებით £3 მილიარდად ფასდება.
ანუ რომ შევაჯამოთ, ფართო სურათი ასეთია: სახელმწიფო ამბობს, რომ გრძელვადიანად ჯანდაცვის მოგება უფრო დიდია, ვიდრე თამბაქოს ბაზრის დაკარგული ნაწილი. ინდუსტრია კი ამტკიცებს, რომ აკრძალვა შეიძლება ეკონომიკურად და ადმინისტრაციულად მძიმე აღმოჩნდეს, განსაკუთრებით საცალო ბიზნესისთვის და არალეგალური ბაზრის კონტროლისთვის.
ავტორი ანალიზისთვის დაეყრდნო შემდეგ წყაროებს:
- ONS — Adult smoking habits in the UK: 2024
https://www.ons.gov.uk/peoplepopulationandcommunity/healthandsocialcare/healthandlifeexpectancies/bulletins/adultsmokinghabitsingreatbritain/2024 - Reuters — UK lawmakers approve lifetime smoking ban
https://www.reuters.com/business/healthcare-pharmaceuticals/uk-lawmakers-approve-lifetime-smoking-ban-todays-under-18s-2026-04-22/ - Imperial Brands — Submission to Public Bill Committee
https://bills.parliament.uk/Publications/55565/Documents/4857 - TobaccoTactics — Tobacco industry responses
https://www.tobaccotactics.org/article/tobacco-industry-responses-to-public-consultations-in-the-uk/ - OBR — Tobacco duties
https://obr.uk/forecasts-in-depth/tax-by-tax-spend-by-spend/tobacco-duties/ - HMRC — Tobacco statistics commentary
https://www.gov.uk/government/statistics/tobacco-bulletin/tobacco-statistics-commentary-april-2024 - OEC — UK tobacco and substitutes trade
https://oec.world/en/profile/bilateral-product/tobacco-and-substitutes/reporter/gbr