მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში სექტემბრის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. Forbes-ის მონაცემებით, 2026 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის კოლექტიური სიმდიდრე $3.1 ტრილიონს შეადგენს, მაშინ როდესაც ზუსტად ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი $2.8 ტრილიონი იყო.
რეიტინგის სათავეში კვლავ ილონ მასკია. Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს 2024 წლის მაისიდან ფლობს. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მასკის სიმდიდრე $44 მილიარდითაა გაზრილი და $936 მილიარდს აღწევს. მასკის ქონების ზრდა დიდწილად SpaceX-ის აქციების ფასის 5%-ით მატების დამსახურებაა. შედეგად, მასკის ქონება ჯეფ ბეზოსის $370 მილიარდზე ორჯერ მეტია და უორენ ბაფეტის ქონებას ექვსჯერ აღემატება.
ამერიკელმა ინვესტორმა ბაფეტმა კი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეში დაახლოებით $1 მილიარდი დაკარგა, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეულში დაბრუნება შეძლო. მან ადგილი ესპანელ მილიარდერ ამანსიო ორტეგას გაუცვალა, რომლის ქონებაც დაახლოებით $6 მილიარდით შემცირდა და $141.8 მილიარდი შეადგინა.
საერთო ჯამში, მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს შორის სექტემბრის რეიტინგის შემდეგ პოზიცია მხოლოდ სამმა ადამიანმა შეინარჩუნა. მათ შორისაა მარკ ცუკერბერგი, რომელიც კვლავ მეექვსე ადგილზეა. მისი ქონება ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით $55 მილიარდით გაიზარდა და $251 მილიარდს მიაღწია. ამ პერიოდში Meta-ს აქციების ღირებულება 27%-ით გაიზარდა, რასაც კომპანია Muse-ის პერსონალური AI-აგენტის წარმატებულ გაშვებას უკავშირდება.
ამავე პერიოდში კი ყველაზე დიდი ზრდა Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა დააფიქსირა. მისი ქონება დაახლოებით $102 მილიარდით გაიზარდა და $370 მილიარდს მიაღწია. მიზეზი მისი სარაკეტო კომპანია Blue Origin-ისა და სამრეწველო AI-სტარტაპ Prometheus-ის შეფასებების მკვეთრი ზრდაა. კერძო დაფინანსების რაუნდში, Blue Origin-ის ღირებულება $130 მილიარდზე მეტად, ხოლო Prometheus-ის — $41 მილიარდად შეაფასეს. ცნობისთვის, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში, ბეზოსი მეორე ადგილზე ბოლოს 2025 წლის მაისში იყო.
ბეზოსმა ადგილი Google-ის თანადამფუძნებელ ლარი პეიჯს გაუცვალა, რომელიც ამ პოზიციას უკანასკნელი ათი თვის განმავლობაში იკავებდა. პეიჯის ქონება ბოლო თვეში დაახლოებით $8 მილიარდით გაიზარდა და $286 მილიარდს მიაღწია, თუმცა ეს ბეზოსის ქონების ზრდასთან შედარებით საკმარისი არ აღმოჩნდა. Google-ს თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი კი, $263 მილიარდით მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა.
რეიტინგში ბრინის ადგილი კი მაიკლ დელმა დაიკავა, რომლის ქონებაც ბოლო თვეში დაახლოებით $28 მილიარდით, $268 მილიარდამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში, Dell Technologies-ის აქციების ფასი 18%-ით გაძვირდა, რასაც კომპანიის AI-სერვერებზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ შეუწყო ხელი.
ცნობისთვის, 2026 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მსოფლიოს უმდიდრესი ქალი კვლავ ელის უოლტონია, Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ქალიშვილი. Forbes-ი მის ქონებას $115 მილიარდად აფასებს და რეიტინგში მე-15 პოზიციას ანიჭებს.