ახლა ყველაფერი პუტინის სამხედრო შესაძლებლობებსა და უკრაინელების გამძლეობაზეა დამოკიდებული, ამტკიცებენ რუსი ექსპერტები. ისინი სიტუაციას „რთულს“ უწოდებენ და ფრონტზე სწრაფი წარმატების მიღწევის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებენ. აქვს თუ არა ზელენსკის რაიმე არჩევანი?
„უკრაინაში ზელენსკის კრიტიკის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ამბები უკრაინის საზოგადოების კონსოლიდირებას უფრო უწყობს ხელს, ვიდრე სასოწარკვეთილებაში ჩაგდებას“, - ამბობს კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი რუსი პოლიტოლოგი, ვლადისლავ ინოზემცევი: „უკრაინას ჯერაც საკმარისი იარაღი აქვს და მობილიზაციის რესურსებიც ისე არ არის ამოწურული, როგორც ზოგჯერ ვარაუდობენ. რა თქმა უნდა, უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი ამას შეეჩვია და არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში ფრონტზე დრამატული ჩავარდნა მოხდეს“.
„ვინ ამოქოლავს ხვრელებს?“
უფრო ფრთხილია ლონდონში მოღვაწე რუსი პოლიტოლოგი, ვლადიმირ პასტუხოვი (163 000 გამომწერი): „არ ვიცი, რამდენად რეალისტურია უკრაინის მოსახლეობის კონსენსუსი ომის გაგრძელების საკითხზე, სახსრების მოძიებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ“.
საკუთარი თავისა და მკითხველების წინაშე პასტუხოვი სვამს კითხვას, აქვს თუ არა პუტინს საკმარისი სამხედრო საშუალებები ახალი შეტევის დასაწყებად. „თუ არა, სიტუაცია ზელენსკისთვის ბევრად მარტივი იქნება. თუ კი, მაშინ ზელენსკიმ უნდა გადაჭრას მარტივი პრობლემა - ვინ და როგორ ამოქოლავს ფრონტზე არსებულ ხვრელებს“.
„გარღვევაზე ვეღარავინ ოცნებობს“
უკრაინის პრეზიდენტს კვლავ აქვს მცირე შანსი, „აყროლებულ საკანალიზაციო არხებს შორის თეთრ სამოსში გამოწყობილი რაინდივით“ გაიაროს: „ეს მაშინ მოხდება, თუ ყველაფერი გამოვა - მისი ხალხი მზად იქნება, სამმაგი ენერგიით იბრძოლოს, ევროპელები მზად იქნებიან, სამმაგად მეტი გადაიხადონ და ტრამპს არ ექნება დრო ევროპელებთან ისეთი დაპირისპირებისთვის, რომ მათ იარაღი აღარ მიჰყიდოს“.
ასეთ რთულ ვითარებაში, რეალური სამხედრო სიტუაცია ორმხრივი პროპაგანდის ნისლშია გახვეულია. თუმცა, „ფრონტზე სავარაუდო კრიზისით“ შეშფოთებულები არიან რუსი სამხედრო ბლოგერები, რომლებიც ამბობენ, რომ პუტინის არმია გამოფიტულია და მომარაგების გარეშეა დარჩენილი: „რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევა საბოლოოდ შეჩერდა და ზოგიერთ ადგილას უკან დახევაც კი დაიწყო. ფრონტზე არსებით გარღვევაზე ამჟამად ვერავინ ბედავს ოცნებას. მეტიც - პერსონალისა და იარაღის ნაკლებობის გამო, კუს ნაბიჯით წინსვლაც კი თითქმის შეუძლებელი გახდა“.
ამ არგუმენტაციის მიხედვით, რუსეთს, უბრალოდ, ფული არ ჰყოფნის კიდევ ერთი წლის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების გასაგრძელებლად. ერთ-ერთი წამყვანი რუსი ექსპერტი, იური პოდოლიაკი (3,12 მილიონი გამომწერი) ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე შექმნილ ვითარებას „რთულს“ უწოდებს: „ მძიმე ბრძოლები მიდის. მტერმა მოახერხა ლოკალური უპირატესობის მოპოვება. ჯერჯერობით ძალიან ძნელია მისი დარტყმების მოგერიება. თუ მტერი ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის, ეს დამატებითი ძალების ჩართვას მოითხოვს“.
„სტრატეგიულად ეს სრული ჩიხია“
პროპაგანდისტები, როგორიცაა, მაგალითად, პოლიტიკური ბლოგერი იური ბარანჩიკი, აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა ფრონტზე რუსების წინსვლა, ბოლო თვეების განმავლობაში, სულ უფრო ნელდებოდა: „ამის უშუალო მიზეზი ისაა, რომ მტერი სულ უფრო ხშირად იყენებს რეზერვებს“. საეჭვოდ გამოიყურება რუსულ „ტელეგრამ-არხებზე“ ანონიმური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციების სისწორე, თითქოს, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა, „კრიზისული შეხვედრების დროს“, „ფართომასშტაბიანი დაბომბვების“ შესახებ მსჯელობს, რათა უკრაინის ინფრასტრუქტურა მთლიანად გააანდგუროს.
ბლოგერი ანატოლი ნესმიანი ზელენსკის მომავლის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი: „როგორც ჩანს, ზელენსკიმ ევროპელებისა და ბრიტანელებისგან საკმარისი გარანტიები მიიღო და ამიტომ, აშშ-სთან კონფრონტაციის ხაზს გააგრძელებს. სტრატეგიულად ეს, რა თქმა უნდა, სრული ჩიხია, რადგან უკრაინა არ არის ქმედუნარიანი სუბიექტი. მას მხოლოდ იმის არჩევა შეუძლია, რომელ ბატონს ემსახუროს. ისე, „არჩევაც“ ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ასეთ არჩევანსაც კი მის მაგივრად აკეთებენ“.
„ბრძოლა ორ ხალხს შორის, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით“
რუსი პოლიტოლოგი, კრემლის კრიტიკოსი ანდრეი ნიკულინი, უკრაინის მიმართ ტრამპის ქცევის შეფასებისას, პარალელებს ავლებს 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებასთან, როდესაც ჰიტლერმა ბრიტანელები და ფრანგები მოატყუა, რათა მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის დიდი ნაწილები მიეთვისებინა.
ნიკულინი სარკასტულად იხსენებს ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ნევილ ჩემბერლენის 1938 წლის 27 სექტემბრის რადიო-მიმართვას: „რა საშინელი, სასაცილო და დაუჯერებელი იქნებოდა, თუ ჩვენ თხრილებს გავთხრიდით და აირწინაღებს ჩავიცვამდით შორეულ მიწაზე ორ ხალხს შორის გაჩაღებულ ბრძოლაში, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით“.
წყარო: 1 არხი