გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უარს ამბობს პარიზში ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დაგეგმილ კოსმოსურ სამიტზე დასწრებაზე, რომლის მასპინძელიც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.
ორშაბათს მერცის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კანცლერმა ვიზიტი ამ კვირაში არსებული მჭიდრო გრაფიკის გამო გააუქმა. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე საათში მოჰყვა საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში კანცლერის პარტიის მარცხს ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ფონზე.
ოთხშაბათს მერცი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას შეხვდება და სიტყვით გამოვა ბუნდესტაგში, ხოლო ხუთშაბათს შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან და გერმანელ დიპლომატებთან.
გერმანიის ლიდერის არყოფნა მორიგი დარტყმაა სამიტისთვის, რომელსაც რამდენიმე მონაწილე უმიზნო და ცუდად ორგანიზებულად აფასებს. გასულ კვირას ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს წამყვანმა ამერიკულმა კოსმოსურმა კომპანიებმაც (მათ შორის ილონ მასკის SpaceX-მა), მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა ამერიკულ კომპანიებს ღონისძიების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.
საფრანგეთის მთავრობა საერთაშორისო კოსმოსურ სამიტს არაერთხელ წარმოაჩენდა, როგორც გერმანიასთან თანათავმჯდომარეობით დაგეგმილ ღონისძიებას, თუმცა ონლაინ სივრცეში მას ძირითადად საფრანგეთის ეგიდით მართულ პროექტად მოიხსენიებდნენ.
პარასკევს ელისეს სასახლის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამიტს საფრანგეთი და გერმანია ერთობლივად უხელმძღვანელებდნენ.
გერმანელმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ კანცლერის არყოფნის მიუხედავად, ბერლინი კვლავ ინარჩუნებს თანათავმჯდომარის სტატუსს.
ღონისძიებას გერმანიის კვლევების, ტექნოლოგიებისა და კოსმოსის მინისტრი დოროთე ბერი და მისი ფრანგი კოლეგა, ფილიპ ბატისტი გახსნიან. პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი აქვს გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სამიტზე ვრცელი სიტყვით წარდგება.