გამოცემა The Telegraph წერს, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანია Jilin Chemical Fiber Group-მა რუსეთში 46 ტონა მასალა გაგზავნა, რომლისგანაც, ამერიკელი ექსპერტის შეფასებით, 1 300-მდე კამიკაძე დრონისთვის საჭირო ნახშირბოჭკოს წარმოებაა შესაძლებელი.

The Telegraph-ისა და Politico-ს ერთობლივი გამოძიება მათ მიერ მოპოვებულ რუსულ სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტებს ეყრდნობა. შიდა დოკუმენტების თანახმად, Jilin Chemical Fiber Group-მა 2026 წელს რუსეთში პოლიაკრილონიტრილის, ე.წ. PAN-პრეკურსორის, 46-ტონიანი ტვირთი გაგზავნა. ეს ნივთიერება მსუბუქი და მაღალი სიმტკიცის ნახშირბოჭკოს წარმოებისთვის გამოიყენება.

ტვირთის მიმღები რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-ის კუთვნილი Umatex-ის შვილობილი კომპანია Alabuga-Volokno იყო, რომელიც თათრეთის რესპუბლიკის ალაბუგის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს და რუსეთის სტრატეგიულ ინდუსტრიებს მაღალი სიმტკიცის ნახშირბოჭკოთი ამარაგებს. იმავე ეკონომიკურ ზონაში რუსეთი ირანული Shahed-ის დიზაინზე დაფუძნებულ Geran-ის კამიკაძე დრონებს აწარმოებს.

გამოცემის ცნობით, ტვირთი საბაჟოზე სამოქალაქო დანიშნულების სინთეტიკური ბოჭკოსთვის განკუთვნილი კოდით გაფორმდა. სანქციების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების შეფასებით, არასწორი კოდის გამოყენება მგრძნობიარე დანიშნულების ტვირთის დამალვის მცდელობაზე მიუთითებს. Alabuga-Volokno და Umatex დასავლეთის რამდენიმე ქვეყანის მიერ არიან სანქცირებული.

ვაშინგტონში მოქმედი მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის პრეზიდენტის, დევიდ ოლბრაიტის თქმით, PAN-პრეკურსორისგან დამზადებული ნახშირბოჭკო დრონის ფრთებისა და შიდა კონსტრუქციების, მათ შორის, ძრავისა და საწვავის ავზის გასამაგრებლად გამოიყენება. მისი შეფასებით, ჩინეთიდან გაგზავნილი მასალა 1 300-მდე დრონისთვის იქნებოდა საკმარისი.

დოკუმენტები უკრაინის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრმა მოიპოვა. The Telegraph-ის წყაროების თანახმად, მათი ნამდვილობა უკრაინის მთავრობამ და ჩინეთის საკითხებზე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა დაადასტურეს. მასალები აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებსაც გადაეცა.

ჩინეთის საელჩომ გამოძიებას ჩინეთის "ცილისწამებისა და განტევების ვაცად ქცევის" მცდელობა უწოდა და განაცხადა, რომ პეკინს კონფლიქტის არცერთი მხარისთვის ლეტალური იარაღი არ მიუწოდებია და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს მკაცრად აკონტროლებს.

თავის მხრივ, Rosatom-მა განაცხადა, რომ მათი საწარმოები მოქმედ კანონებსა და რეგულაციებს სრულად იცავენ. Jilin Chemical Fiber Group-ს საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.