აშშ-ში ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ერეკლე გუგავა, ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში დაადანაშაულეს,- ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს.
გამოძიება ჯანდაცვის სფეროში სავარაუდო თაღლითურ სქემას უკავშირდება, რომლის ფარგლებში Medicare-ისა და კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის, სულ მცირე, 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ყალბი მოთხოვნები წარადგინეს. საქმე აშშ-ის ხელისუფლებამ ფართომასშტაბიან გამოძიებას — „ოპერაცია ოქროს ციებ-ცხელებას“ (Operation Gold Rush) — დაუკავშირა.
სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, გუგავა 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე პენსილვანიაში მოქმედი სამედიცინო აღჭურვილობის კომპანიის, ND Medical Solutions-ის სავარაუდო მფლობელი იყო. ამ პერიოდში კომპანიამ Medicare-სა და კერძო სადაზღვევო კომპანიებს მილიარდობით დოლარის ოდენობის მოთხოვნები წარუდგინა, თუმცა რეალურად სადაზღვევო კომპანიებისგან დაახლოებით 6.5 მილიონი დოლარი მიიღო.
პროკურატურის ვერსიით, გუგავა თანხების მიღებისა და შემდგომი გადარიცხვების პროცესში მონაწილეობდა. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მან ND Medical Solutions-ის სახელზე რამდენიმე საბანკო ანგარიში გახსნა და ანგარიშებზე ერთადერთ ხელმომწერ პირად იყო მითითებული.
ბრალდების თანახმად, სადაზღვევო კომპანიებიდან მიღებული თანხები თავდაპირველად ამ ანგარიშებზე ირიცხებოდა, შემდეგ კი სხვადასხვა უცხოურ საბანკო ანგარიშზე გადაჰქონდათ და უცხოეთში მოქმედი ორგანიზაციის სასარგებლოდ იყენებდნენ. სასამართლოს მასალებში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ორგანიზაცია რუსეთსა და სხვა ქვეყნებში საქმიანობდა.
გამოძიების ერთ-ერთი მიმართულება ასევე აშშ-ის მოქალაქეების პირადი მონაცემების სავარაუდო გამოყენებას ეხება. ხელისუფლების ინფორმაციით, ყალბი სადაზღვევო მოთხოვნების ნაწილი მოპარულ პირადობის მონაცემებს ეფუძნებოდა.
საქმის მასალების მიხედვით, მოქალაქეები Medicare-სა და მის კონტრაქტორებს მას შემდეგ უკავშირდებოდნენ, რაც მათ სახელზე მიღებული ჰქონდათ დოკუმენტები სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების შესახებ. მოქალაქეების განცხადებით, მათ რეალურად მსგავსი აღჭურვილობა არ მიუღიათ.
ზოგიერთ დოკუმენტში ასევე ფიქსირდებოდა ექიმების სახელები, რომლებთანაც შესაბამის პაციენტებს, მათი თქმით, არასდროს ჰქონიათ სამედიცინო ვიზიტი. სამედიცინო აღჭურვილობის მიმწოდებლად კი ND Medical Solutions იყო მითითებული — კომპანია, რომლის არსებობის შესახებაც მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ არ იცოდნენ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გუგავამ შეერთებული შტატები 2025 წლის ივლისში, სავარაუდო დანაშაულებრივი საქმიანობის დასრულების შემდეგ, დატოვა.
ფულის გათეთრების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა. დამატებით, სასამართლომ შესაძლოა დანიშნოს სამ წლამდე ზედამხედველობის ქვეშ გათავისუფლება და ჯარიმა, რომლის ოდენობაც შეიძლება 500 ათას დოლარს ან გათეთრებული თანხის ორმაგ ოდენობას შეადგენდეს.
სასჯელის საბოლოო ოდენობას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ფედერალური რაიონული სასამართლოს მოსამართლე განსაზღვრავს.
ამ ეტაპზე საქმე ბრალდების დონეზეა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, საბრალდებო დოკუმენტში აღწერილი გარემოებები ბრალდებებს წარმოადგენს და ერეკლე გუგავა უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ სასამართლო მის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა არ დაადგენს.