სამედიცინო ტურიზმის კუთხით, საქართველო თურქეთთან კონკურენციას განსაკუთრებით ფასით, ვიზის სიმარტივით და რეპროდუქციული მომსახურების სამართლებრივი გარემოთი უწევს.

ამის შესახებ  სამედიცინო ტურიზმის პლატფორმა Wellmap წერს, რომელიც პაციენტებს სხვადასხვა ქვეყანაში ექიმებისა და კლინიკების მოძიებასა და შედარებაში ეხმარება.


სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში უცხოელი პაციენტები ძირითადად ჩამოდიან სტომატოლოგიური მკურნალობის, პლასტიკური ქირურგიის, ინვიტრო განაყოფიერების, კარდიოლოგიისა და ოფთალმოლოგიური პროცედურებისთვის. 
რიგი პროცედურები საქართველოში დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაახლოებით 70–80%-ით იაფია.

მაგალითად, სტატიაში მოყვანილია შემდეგი საორიენტაციო ფასები:

დენტალური იმპლანტი გვირგვინით —  250–450 დოლარი,
რინოპლასტიკა — $1,800–3,000,
ინვიტრო განაყოფიერება საკუთარი კვერცხუჯრედებით — $1,200–2,000,
LASIK (თვალის ლაზერული ოპერაცია, ) ორივე თვალზე — $600–1,000,
კორონარული შუნტირება  — $8,000–14,000
მუხლის სრული ჩანაცვლება — $4,000–6,500.
კონკრეტული ღირებულება შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს პაციენტის მდგომარეობისა და პროცედურის მოცულობის მიხედვით. 
პლასტიკური ქირურგიის ყველაზე ხშირად მოთხოვნად პროცედურებად დასახელებულია რინოპლასტიკა, ბლეფაროპლასტიკა, მკერდის ოპერაციები და სხეულის კონტურირება. 
რაც შეეხება რეპროდუქციულ მედიცინას — Wellmap განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს შედარებით ლიბერალურ საკანონმდებლო გარემოს და დონორის კვერცხუჯრედის გამოყენებასა და სუროგაციას. 
სტატიაში სუროგაციისთვის დაახლოებით $35,000–55,000 სრული ხარჯია მითითებული. თუმცა პორტალი მსურველებს ურჩევს, ასეთი საკითხებისთვის მოქმედი კანონმდებლობა გადაამოწმონ და იურიდიული კონსულტაცია გაიარონ.

სტატიაში თბილისის რამდენიმე დაწესებულებაა ნახსენები, როგორც რთული კარდიოლოგიური შემთხვევების მიმღები ცენტრები. კორონარული არტერიების შუნტირების ოპერაციისა და გულის სარქველებთან დაკავშირებული ოპერაციების ღირებულებად $8,000–14,000 არის მოყვანილი.

სტატია ასახელებს რამდენიმე ქართულ სამედიცინო დაწესებულებას, მათ შორის ისეთებს, რომლებსაც უცხოელი სამედიცინო ტურისტები მიმართავენ.  ესენია „ავერსი,“ „ინოვა“, თოდუას კლინიკა, რეპროარტი, ასევე ბათუმის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება.

Wellmap-ის მონაცემებით, საქართველო თურქეთთან კონკურენციას განსაკუთრებით ფასით, ვიზის სიმარტივით და რეპროდუქციული მომსახურების სამართლებრივი გარემოთი უწევს.

თუმცა სტატია ასევე აღნიშნავს მნიშვნელოვან განსხვავებას: თურქეთს უფრო მეტი JCI-აკრედიტებული საავადმყოფო და უფრო დიდი პროცედურული გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით კონკრეტული მიმართულებებით.