ლატვია რუსეთიდან და ბელარუსიდან წიგნების, გაზეთებისა და ვიდეოთამაშების იმპორტს აკრძალავს. 

ლატვიის პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რუსული და ბელარუსული სამომხმარებლო საქონლის ფართო სპექტრის იმპორტს ზღუდავს. აკრძალვა შეეხება პროდუქტებს, რომლებიც ევროკავშირის მოქმედი სანქციებით ჯერ არ არის მოცული.

გადაწყვეტილების მიზანია რუსეთთან ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო შემცირება და კრემლის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა.

კანონში აღნიშნულია, რომ ლატვიის საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიიდან გარკვეული სამრეწველო საქონლის შემოტანა აიკრძალება.

შეზღუდვა გავრცელდება რუსეთსა და ბელარუსში წარმოებულ საქონელზეც, რომელიც ლატვიაში მესამე ქვეყნების გავლით შევა. აკრძალვა შეეხება წიგნებს, გაზეთებს, ვიდეოთამაშებს, სპორტულ ინვენტარს, სათამაშოებს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. კანონმდებლების შეფასებით, აღნიშნული პროდუქციის ნაწილი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად შეიძლება გამოიყენებოდეს.

ლატვიის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარის, რაიმონდს ბერგმანისის განცხადებით, ცვლილებები რუსეთსა და ბელარუსთან ეკონომიკური კავშირების სისტემატურად შემცირების კიდევ ერთი ინსტრუმენტია და ამავდროულად უკრაინისადმი ლატვიის მხარდაჭერას გამოხატავს.

2025 წელს იმ საქონლის ღირებულებამ, რომელსაც ახალი აკრძალვა შეეხება, 12.5 მილიონი ევრო შეადგინა. ეს რუსეთიდან და ბელარუსიდან ლატვიაში დარჩენილი იმპორტის 6.5%-ს და ქვეყნის მთლიანი იმპორტის მხოლოდ 0.05%-ს შეადგენდა.

ინიციატივა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. ის პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, როგორც მთავრობის უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომელიც რუსეთთან დარჩენილი სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტას ითვალისწინებს.

აკრძალული პროდუქციის საბოლოო ჩამონათვალს ლატვიის მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცებს. კანონი გამოქვეყნების მომდევნო დღეს ამოქმედდება, ხოლო იმპორტის შეზღუდვები 2027 წლის 1 ივლისამდე დარჩება ძალაში.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე აცხადებს, რომ ქვეყანამ რუსეთთან დარჩენილი ეკონომიკური კავშირები 2026 წლის ბოლომდე უნდა შეწყვიტოს. მან ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებსაც მსგავსი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.