საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის, „იმერეთის“, გამორთვამ გამოიწვია. ამის შესახებ „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ „ტვ პირველს“ განუცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ხაზი ენგურჰესს საქართველოს ენერგოსისტემასთან, ზესტაფონის მიმართულებით, აკავშირებს და მასზე მნიშვნელოვანი დატვირთვა მოდის. ხაზის გამორთვის შემდეგ სისტემაში რეჟიმი დაირღვა, რამაც ენერგოსისტემის სრული გათიშვა გამოიწვია.
„გამოირთო 500-კილოვოლტიანი ხაზი „იმერეთი“. აგრეგატებს ეტაპობრივად ვაერთებთ და ელექტრომომარაგება მალე აღდგება. ამ ხაზით ძალიან დიდი სიმძლავრე გადაიცემოდა. მისი გამორთვის შემდეგ რეჟიმი დაირღვა და ენერგოსისტემა მთლიანად გაითიშა. ამჟამად ავარიის შედეგების აღმოფხვრაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ლევან მებონიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რამ გამოიწვია ხაზის გამორთვა.
ელექტროენერგიის მიწოდება დილის 08:00 საათიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეწყდა. დენი პარალელურად გაითიშა ოკუპირებულ აფხაზეთშიც.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია. უწყება ავარიის ზუსტ მიზეზებს სწავლობს. ასევე უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს შემთხვევა 24 ივლისის ღამით დაფიქსირებულ ელექტროენერგიის გათიშვას.