Visa-მ ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინტექკომპანიებისთვის ახალი ინფრასტრუქტურა, Visa Stablecoin Platform წარადგინა. სისტემა ორგანიზაციებს სტეიბლკოინების გამოშვების, შენახვის, გადარიცხვისა და განაღდების საშუალებას ერთ სივრცეში მისცემს.

Visa-ს განცხადებით, პლატფორმის მიზანია ბანკებსა და სხვა ფინანსურ კომპანიებს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სერვისების დანერგვა გაუმარტივოს. მომხმარებლებს აღარ დასჭირდებათ სხვადასხვა ტექნოლოგიური მომწოდებლის ცალკეული სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება, რადგან ძირითად ოპერაციებს Visa მართავს.

პლატფორმა მოიცავს სტეიბლკოინების შექმნასა და მიმოქცევიდან ამოღებას, ციფრული აქტივების შენახვას, მისამართებს შორის გადარიცხვას, ანგარიშსწორებასა და სახაზინო ოპერაციების მართვას.

Visa მომხმარებლებს Wallet-as-a-Service მომსახურებასაც შესთავაზებს. ამ მოდელის ფარგლებში კომპანია ციფრული საფულეების ტექნიკურ ინფრასტრუქტურას თავად განათავსებს და მართავს, ბანკები და ფინტექკომპანიები კი მას საკუთარ პროდუქტებთან სპეციალური პროგრამული ინტერფეისის, API-ის საშუალებით დააკავშირებენ.

კომპანიის განმარტებით, პლატფორმაზე განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებასა და შესაბამისობის კონტროლს დაეთმობა. სისტემა მოიცავს ავტორიზებული მისამართების სიას, სანქციების შემოწმებასა და მრავალსაფეხურიან დადასტურებას. მნიშვნელოვანი ოპერაციის შესრულებას ერთზე მეტი უფლებამოსილი მომხმარებლის თანხმობა დასჭირდება.

Visa-ს პროდუქტებისა და სტრატეგიის ხელმძღვანელის, ჯეკ ფორესტელის განცხადებით, სტეიბლკოინები ფინანსურ სისტემაში პროგრამირებადი ფულის ახალ ფენას ქმნიან, თუმცა ორგანიზაციებისთვის მთავარ სირთულედ მათი ტექნიკურად და უსაფრთხოდ დანერგვა რჩება.

საწყის ეტაპზე Visa Stablecoin Platform მხარს დაუჭერს Open USD-ს, იგივე OUSD-ს. ეს არის აშშ დოლართან მიბმული სტეიბლკოინი, რომელსაც Open Standard-ის წევრი კომპანიები ერთობლივად ავითარებენ.

Open USD-ის მოდელი პარტნიორებს ტოკენების გამოშვებისა და განაღდების საშუალებას საკომისიოს გარეშე მისცემს. რეზერვების მართვით მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი კი პლატფორმის მონაწილე კომპანიებს შორის განაწილდება.

Visa-ს ახალი პროდუქტი აჩვენებს, რომ ტრადიციული საგადახდო კომპანიები სტეიბლკოინებს უკვე არა მხოლოდ კრიპტოვალუტის ბაზრის ნაწილად, არამედ ბანკებისა და საერთაშორისო გადახდების ინფრასტრუქტურადაც განიხილავენ.

კომპანია ცდილობს, საკუთარი საგადახდო ქსელი ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სისტემებს დაუკავშიროს და ფინანსურ ორგანიზაციებს ციფრული ფულის გამოყენება არსებული საბანკო სერვისების ფარგლებში შესთავაზოს.

წყარო:
https://investor.visa.com/news/news-details/2026/Visa-Introduces-Platform-for-Stablecoin-Minting-Movement-and-Management/default.aspx