კანადა უკრაინას დამატებით 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობით ეკონომიკურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
შეხვედრა ჰალიფაქსში, ახალი შოტლანდიის პროვინციაში იმართება.
შეხვედრის დასაწყისში კარნი მიესალმა უკრაინის ლიდერს და აღნიშნა, რომ ამჟამად „არსებობს პირობები და შესაძლებლობები სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის“.
„მაგრამ ამისთვის საჭიროა რუსეთის მზადყოფნა“, – განაცხადა კარნიმ.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კიევზე განხორციელებული მასშტაბური რუსული თავდასხმები ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კარნის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს.
მისივე თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ხვალ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართება.