"ოცნება" BBC-ის ვერ უჩივლებს, უჩივლებს და დამარცხდებიან" - ამის შესახებ "პირველებთან" "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი, ალექსანდრე ბარამიძე საუბრობს.

ბარამიძის თქმით, არავის სჯერა სუს-ის გამოძიების და იმის, რომ აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ CS გამოყენებული.

გარდა ამისა, ბარამიძე ამბობს, რომ,  CS-ც რომ ყოფილიყო გამოყენებული, მისი წყალში შერევა მაინც  დიდი დარღვევაა.

"ეს აბსოლუტური ბლეფი იყო და იმ თავითვე ცხადი იყო, რომ ვერავითარ ბბს-ის ისინი ვერ უჩივლებენ. უჩივლებენ და რასაკვირველია დამარცხდებიან, იმიტომ, რომ ბბს-ის მასალა და თვითონ ფილმი ეფუძნებოდა ძალიან სერიოზულ მტკიცებულებებს, მათ შორის ექსპერტთა მოსაზრებებს, მათ შორის დაზარალებული პირების ჩვენებებს და ა.შ. ეს არ იყო ჰაერიდან მოტანილი ცნობები. ყველას გვახსოვს, რომ ერთმანეთისგან გამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ ამ მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების თაობაზე და აგერ ჩავატარეთ გამოძიებაო და ეს არის CS-იო, რომელიც არ არის აკრძალული ნივთიერება დემონსტრანტების დაშლის დროს. რა თქმა უნდა, არ გვჯერა არავის, რადგან  CS-ის სიმპტომატიკა არის სრულიად სხვა. და თუნდაც ყოფილიყო CS, ისინი ლაპარაკობენ მხოლოდ ერთ ღამეზე. საინტერესოა, სხვა დროს, სხვა დაშლის დროს, რომელი ნივთიერებები იყო გამოყენებული. და თუნდაც ყოფილიყო CS, ის ფაქტი, რომ წყალში იყო გარეული, ეს არის აკრძალული", - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე .

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

წყარო: tvpirveli.ge