ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირი პლასტმასის იმპორტზე მოქმედ წესებს ამკაცრებს. გადაწყვეტილების მიზანია, დაეხმაროს ევროპულ გადამმუშავებელ ქარხნებს, რომლებსაც იაფ იმპორტთან კონკურენცია სულ უფრო უჭირთ.
ინდუსტრიული ჯგუფის, Plastics Recyclers Europe-ის მონაცემებით, ევროპის პლასტმასის გადამმუშავებელმა სექტორმა 2025 წელს იმაზე მეტი სიმძლავრე დაკარგა, ვიდრე ნებისმიერ სხვა წელს, რადგან იაფმა იმპორტმა და მაღალმა ენერგოხარჯებმა რამდენიმე ქვეყანაში საწარმოების დახურვა გამოიწვია.
ორგანიზაციის ცნობით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხშირად ხდება იაფი „პირველადი პლასტმასის“ (ახალი მასალა, რომელიც წიაღისეული საწვავისგან მზადდება) არასწორი მარკირება, თითქოს ის რეციკლირებული (მეორადი) იყოს. ეს ადგილობრივ გადამმუშავებლებს არათანაბარ პირობებში აყენებს, რადგან მათ მიერ წარმოებული რეციკლირებული პლასტმასა ფასით კონკურენციას ვერ უძლებს.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში წარადგენს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც იმპორტირებული რეციკლირებული პლასტმასისთვის უფრო მკაცრ დოკუმენტაციას მოითხოვს. კიდევ ერთი ინიციატივა ითვალისწინებს ცალკეული საბაჟო კოდების შექმნას რეციკლირებული და პირველადი პლასტმასისთვის, რათა იმპორტისთვის თვალის დევნება გამარტივდეს.
გეგმის ნაწილია ასევე გადამმუშავებელი ქარხნების აუდიტი როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ლაბორატორიებს, რათა მათ ჩაატარონ საკონტროლო შემოწმებები და დაადგინონ, ნამდვილად რეციკლირებულია თუ არა შემოტანილი პროდუქცია.
ბრიუსელი ასევე განიხილავს დამატებითი სავაჭრო ზომების შემოღების საჭიროებას. კომისიის ინფორმაციით, 2026 წლის განმავლობაში პლასტმასის იმპორტს სპეციალური სამეთვალყურეო ჯგუფი გაუწევს მონიტორინგს.
ევროკავშირმა უკვე დააწესა ანტიდემპინგური ტარიფები ჩინურ PET პლასტმასაზე (რომელიც ბოთლების დასამზადებლად გამოიყენება). ბრიუსელის განმარტებით, ჩინური იმპორტი იმდენად იაფი იყო, რომ ევროპულ კომპანიებს კონკურენციისთვის პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა უწევდათ.
გასულ თვეში ევროკავშირის ექვსმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა, გაერთიანებას დაბალი ხარისხის რეციკლირებული პლასტმასის იმპორტის წინააღმდეგ დამატებითი ქმედებებისკენ მოუწოდეს.