იტალიაში დაჯგუფება „ჰამასის“ დაფინანსებაში ეჭვმიტანილი ცხრა პირი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „ბიბისი“ იტყობინება.

პოლიციის მონაცემებით, კიდევ ორი ეჭვმიტანილი საზღვარგარეთ იმყოფება და მათი დაკავების ორდერია გამოცემული.

ყველა ეჭვმიტანილს ბრალი ედება „იმ ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერაში, რომლებიც ბაზირებულია ღაზის სექტორში, პალესტინის ტერიტორიებზე ან ისრაელში და რომლებიც „ჰამასს“ ეკუთვნის, მის მიერ კონტროლდება ან ამ დაჯგუფებასთანაა დაკავშირებული“.

საერთო ჯამში, საუბარია დაახლოებით შვიდი მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაზე.

პოლიციის ცნობით, საქმეში ფიგურირებს სამი გაერთიანება, რომლებიც ოფიციალურად პალესტინელებს ეხმარებოდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, ფარულად აფინანსებდნენ „ჰამასს“.

გამოძიების ვერსიით, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობის დეკლარირებული მიზანი იყო თანხების შეგროვება „პალესტინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული მიზნებით“, რეალურად შეგროვებული თანხის ორ მესამედზე მეტი პირდაპირ „ჰამასის“ ან მასთან დაკავშირებული ჯგუფების დაფინანსებაზე დაიხარჯა. პოლიციის ცნობით, თანხის ნაწილი, სავარაუდოდ, ასევე გადაეცა ტერაქტებში მონაწილე პირების ნათესავებს.

დაკავებულთა შორის არის იტალიის პალესტინელთა ასოციაციის პრეზიდენტიც.

1tv.ge