8 მილიონ 267 ათას 400 ლარია გათვალისწინებული აჭარის რეგიონის პოპულარიზაციისთვის 2026 წლის ბიუჯეტში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ამ თანხას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით დახარჯავს.
გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობის მისაღებად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
დეპარტამენტის განაცხადის მიხედვით, 2026 წლის იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სარეკლამო მომსახურებაში იგულისხმება აჭარის რეგიონის „პოპულარიზაცია საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით [მათ შორის სატელევიზიო რეკლამის, ონლაინ რეკლამის, გარე რეკლამის, ბეჭდური მედიისა და სხვა სარეკლამო საშუალებებით].“
„მარკეტინგული კამპანიების წარმოება მიმდინარეობს დაახლოებით 25 ქვეყანაში… ამასთან, შიდა ტურიზმის განვითარებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სეზონურობის დაძლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიად მიიჩნევს, შესაბამისად შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, მხარდაჭერა და განსხვავებული კამპანიების გრძელვადიან რეჟიმში გაგრძელება მიზანშეწონილად მიგვაჩნია 2026 წლისთვისაც“ – წერს დეპარტამენტი.
როგორ აქვს გადანაწილებული 8 267 400 ლარი დეპარტამენტს? – შესყიდვების პორტალის მიხედვით:
- „რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნებში სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით [მათ შორის სატელევიზიო რეკლამის, ონლაინ რეკლამის, გარე რეკლამის, ბეჭდური მედიისა და სხვა სარეკლამო საშუალებებით] – ბიუჯეტი 4 200 000 ლარი.
- სხვადასხვა სარეკლამო საშუალებით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება და ტურიზმის სტიმულირება – 896 400 ლარი.
- საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა და საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება საქართველოში ან საზღვარგარეთ საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა, ასევე აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით პრეზენტაციების, კონფერენციების, ფორუმების, ფესტივალის, სამუშაო შეხვედრების, სხვადასხვა ღონისძიების და პიარაქტივობის ორგანიზება – 251 000 ლარი.
- სხვადასხვა ღონისძიების, წარმოდგენის, შოუების, ინსტალაციების, ფესტივალებისა და სხვა პიარაქტივობების ორგანიზება შიდა ტურიზმის სტიმულირების, ტურისტული პროდუქტების, ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაციისა და მოგზაურობის წახალისების მიზნით – 700 000 ლარი.
- ღონისძიებების, მასტერკლასების, ექსპედიციების და სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით – 400 000 ლარი.
- ტურიზმის ინდუსტრიაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისების მიმწოდებელი ობიექტების დაჯილდოების ღონისძიების ორგანიზება – 200 000 ლარი.
- რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის სარეკლამო-საპრეზენტაციო ფოტო მასალის დამზადება/შექმნა; ფოტომომსახურებები – 300 000 ლარი.
- საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებასთან, საერთაშორისო ტურისტულ ან/და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფორუმებში, ფესტივალებში, ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა – 660 000 ლარი.
- რეგიონში ტურიზმის პოპულარიზაციისათვის სარეკლამო – საპრეზენტაციო ვიდეორგოლის დამზადება – 500 000 ლარი.
- საინფორმაციო ბროშურებისა [მათ შორის, სახელმძღვანელოების, გაიდების, გზამკვლევების] და სხვა მასალების მომზადება-ბეჭდვა – 100 000 ლარი.
- საერთაშორისო დაჯავშნების პლატფორმებზე [Airbnb, Booking, Vrbo, Tripadvisor] აჭარის რეგიონიდან რეგისტრირებული განთავსების არარეგისტრირებული ობიექტების [კერძო პირები, რომლებიც აქირავებენ კერძო სახლებს, ბინებს და ოთახებს] სტატისტიკური მონაცემების, ტენდენციების, დატვირთვის კოეფიციენტის კვლევა – 60 000 ლარი“.
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის ჯამში 21 მილიონ 215 ათასი ლარია გამოყოფილი. 2025 წელს გამოყოფლილი იყო 20 მილიონ 494 ათასი ლარი, ხოლო 2024 წელს – 13 მილიონ 966 ათას 900 ლარი.
ბიუჯეტის კანონის მიხედვით დეპარტამენტში 2026 წელს, ისევე როგორც მიმდინარე წელს, კვლავ 52 ადამიანი იქნება დასაქმებული [2024 წელს დასაქმებული იყო 47 ადამიანი].
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში დასაქმებულთა ხელფასებისთვის კი, 2024 წელს 1 413 000 ლარი დაიხარჯა, 2025 წელს – 1 987 000 ლარი, ხოლო 2026 წელს – 2 176 200 ლარი დაიხარჯება.

წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი