ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აშშ ვენესუელას კოლონიური სახელმწიფოს მოდელს თავს ვერ მოახვევს და მის ბუნებრივ რესურსს ვერ გაიტაცებს.

„შეუძლებელია, აშშ-ის ხელისუფლებამ მოახდინოს ვირტუალური რეალობის ფორმირება და თავს მოახვიოს ვენესუელას კოლონიური სახელმწიფოს მოდელი და ექსპლუატაცია, ან გაიტაცოს მისი ბუნებრივი რესურსი. ეს შეუძლებელია“, – აღნიშნა მადურომ.

მისივე თქმით, ვენესუელა მშვიდობისა და ურთიერთგაგებისკენ მიისწრაფვის.

ვენესუელის ლიდერის თქმით, თუ აშშ მზად იქნება,  ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი დაიწყოს,  ვენესუელა ამაზე თანახმაა.

ცნობისთვის, აშშ ვენესუელის ხელისუფლებას ნარკოკარეტელებთან კავშირში სდებს ბრალს. პენტაგონს კარიბის ზღვაში მობილიზებული ჰყავს ავიამზიდი და სამხედრო ხომალდები. სექტემბრის შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა საერთაშორისო წლებში 28 ნავი გაანადგურეს, რომლებსაც, პენტაგონის განმარტებით, ნარკოტიკები გადაჰქონდათ. დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 10 დეკემებრს განაცხადა, რომ დაკავებულია ვენესუელის ნავთობით დატვირთული ტანკერი. მოგვიანებით, აშშ-მა ვენესუელის სანაპიროებთან კიდევ რამდენიმე ხომალდი დააკავა.

1tv.ge