უკრაინისთვის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიები ტრამპზეა დამოკიდებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს უსაფრთხოების გარანტიების განხილვაში გახსნილობისთვის, „ვინაიდან ეს უსაფრთხოების გარანტიებია, რომლებსაც ამერიკა აძლევს უკრაინას, და არა პირიქით”.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის სიგნალი, რომ იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები გვინდა. და ეს უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტ ტრამპზეა დამოკიდებული. კითხვა იმაშია, უკრაინისთვის რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვისაა მზად პრეზიდენტი ტრამპი”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები ასევე კონგრესის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში გაემგზავრა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ონლაინ ფორმატში საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტამდე კანადის პრემიერ-მინისტრს, მარკ კარნის შეხვდება.
„ახლა აშშ-ში მივემგზავრებით. კანადაში შევჩერდებით, სადაც პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შევხვდებით. ჩვენ ევროპელ ლიდერებთან საუბარს ვგეგმავთ. მათ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით იმ დოკუმენტების შესახებ, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრაზე განვიხილავ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ფლორიდაში, დონალდ ტრამპთან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მასთან ერთად აშშ-ში, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა გაემგზავრნენ.