იერუსალიმში, აღდგომის ტაძრის ქვეშ იტალიელმა არქეოლოგებმა უძველესი სამარხი და ბაღის კვალი აღმოაჩინეს. მკვლევრების შეფასებით, აღმოჩენილი ნაშთები შეესაბამება ბიბლიურ აღწერებს იმ ადგილის შესახებ, სადაც, ქრისტიანული რწმენის თანახმად, იესო ქრისტე დაკრძალეს. ამის შესახებ Euronews წერს.
არქეოლოგიური გათხრები ტაძრის იატაკის სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში, 2022 წელს დაიწყო. მკვლევრებმა მიწისქვეშა სივრცეში აღმოაჩინეს მიტოვებული ქვის კარიერი, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები, ბაღი და კლდეში გამოკვეთილი სამარხები. ასევე გამოვლინდა ზეთისხილის ხეებისა და ვაზის ნაშთები, რომლებიც დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვით 33 წლით თარიღდება - პერიოდით, რომელსაც იესო ქრისტეს გარდაცვალებას უკავშირებენ.
რომის უნივერსიტეტ „ლა საპიენცას“ არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის, ფრანჩესკა რომანა სტასოლას განმარტებით, აღმოჩენები მიუთითებს, რომ გოლგოთასა და სამარხს შორის ოდესღაც სასოფლო-სამეურნეო მიწები იყო.
თუმცა არქეოლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აღმოჩენები არ ადასტურებს, რომ სწორედ ამ ადგილას დაკრძალეს იესო ქრისტე. არ აღმოჩენილა წარწერა ან სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სამარხს ქრისტესთან დააკავშირებდა. შესაბამისად, გათხრები მხოლოდ აჩვენებს, რომ ტაძრის ტერიტორიის ისტორიული და გეოგრაფიული გარემო ბიბლიურ აღწერებს შეესაბამება.