ფლორენციაში იტალიაში პირველი ცენტრი იხსნება, სადაც მოზარდებსა და ახალგაზრდებს სმარტფონებსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებასთან გამკლავებაში დაეხმარებიან. ცენტრის მიზანი მათთვის გაჯეტების სრულად ჩამორთმევა არ იქნება. ახალგაზრდებს ასწავლიან, როგორ აკონტროლონ სოციალურ ქსელებში გატარებული დრო, გააკეთონ გააზრებული შესვენებები და ციფრული ტექნოლოგიები კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყენონ, ნაცვლად სოციალური ქსელების უსასრულოდ სქროლვისა.
ცენტრს Discover, ანუ „აღმოაჩინე“, ეწოდება. მისი მეორე სახელწოდება, Fuori dal guscio, ქართულად შეიძლება ითარგმნოს როგორც „გამოდი ნაჭუჭიდან“. ცენტრი მუშაობას შემოდგომაზე, სან-სალვის ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე ბიბლიოთეკაში დაიწყებს.
დახმარების მიღებას 10-დან 25 წლამდე ასაკის ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ. ცენტრი დღეში მაქსიმუმ 40 ვიზიტორს მიიღებს. კონსულტაციები ასევე გათვალისწინებულია მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, აღმზრდელებისა და სპორტული მწვრთნელებისთვის, რომლებიც ამჩნევენ, რომ ბავშვი ზედმეტად დიდ დროს ატარებს სმარტფონთან, შორდება გარშემომყოფებს ან გაჯეტების გამო ახლობლებთან კონფლიქტი აქვს.
ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სმარტფონებისგან თავისუფალი სივრცე იქნება. აქ მოზარდები პოდკასტების, ციფრული ისტორიებისა და კომპიუტერული თამაშების შექმნას ისწავლიან. მათ ასევე შეეძლებათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შემოქმედებით პროექტებზე მუშაობა. ინიციატივის მიზანია ახალგაზრდებს აჩვენოს, რომ სმარტფონი და კომპიუტერი შეიძლება სწავლისა და შემოქმედების ინსტრუმენტიც იყოს და არა მხოლოდ სოციალური ქსელების დათვალიერების საშუალება.
ცენტრში ფსიქოლოგიური დახმარების სერვისიც იმუშავებს. სპეციალისტებს მიმართავენ იმ შემთხვევებში, როდესაც მოზარდი თითქმის აღარ გადის სახლიდან, თავს არიდებს ადამიანებთან ურთიერთობას ან სოციალური გარემოსთან სერიოზული პრობლემები აქვს.
ინიციატივა იმ ფონზე იქმნება, როდესაც ციფრული მოწყობილობების გავლენა ყურადღებასა და ყოველდღიურ ქცევაზე სულ უფრო აქტუალური საკითხი ხდება. კვლევები მიუთითებს, რომ სმარტფონს შეუძლია ადამიანის ყურადღება მაშინაც კი გაფანტოს, როდესაც მისი ეკრანი გამორთულია.
წყარო: https://euro-pulse.ru/news/v-italii-otkryvaetsya-czentr-lecheniya-czifrovoj-zavisimosti/