ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მოჰამედ ბაგერ ზოლღადრმა, გამოაქვეყნა მოთხოვნების სია, რომელიც, მისი თქმით, აშშ-მა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნამდე უნდა შეასრულოს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სია მოიცავს ისეთ ზომებს, როგორიცაა აშშ-ის მიერ საზღვაო ბლოკადის მოხსნა, სამხედრო ძალების გაყვანა და ომის სამუდამოდ დასრულება.

ზოლღადრი ასევე მოუწოდებს აშშ-ს, ირანს კონფლიქტით მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს და ირანის გაყინული აქტივები გაათავისუფლოს.

„ეს არის ირანელი ხალხის მოთხოვნები, რომლებიც მათ ხმამაღლა გამოაცხადეს. სანამ ამერიკა თავის ქცევას არ გამოასწორებს, ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება“, - ნათქვამია მის განცხადებაში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ გუშინ განაცხადა, რომ ირანი ძალიან ახლოსაა ომანთან შეთანხმების მისაღწევად, ჰორმუზის სრუტის მართვასთან დაკავშირებით. თუმცა, მან აღნიშნა, რომ სრუტის ხელახლა გახსნა სხვა პირობებზეც არის დამოკიდებული, მათ შორის, აშშ-მა „უნდა გამოასწოროს“ ივნისში ორ ქვეყანას შორის შეთანხმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევა.

www.interpressnews.ge