სომხეთში $500-მილიონიანი AI ინფრასტრუქტურის ცენტრი გაიხსნა
სომხეთის ქალაქ ჰრაზდანში ამერიკულმა AI ინფრასტრუქტურის კომპანია Firebird-მა ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი გახსნა. პროექტი NVIDIA-ს ტექნოლოგიურ პლატფორმას იყენებს და კომპანიის შეფასებით, დსთ-ის რეგიონში ამ ტიპის ყველაზე დიდი მოქმედი ინფრასტრუქტურაა.
პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი დოლარია. სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, პირველი ეტაპი დაახლოებით 18 მეგავატი სიმძლავრის ინფრასტრუქტურას და 6 000-ზე მეტ NVIDIA Blackwell GPU-ს ითვალისწინებს. ცენტრი ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლების, გაშვებისა და სხვა მაღალი წარმადობის გამოთვლითი ამოცანებისთვის არის განკუთვნილი.
Firebird-ისა და NVIDIA-ს განცხადებით, პროექტის გაფართოების ფარგლებში სომხეთში 2027 წლის ბოლომდე 70 000-ზე მეტი NVIDIA Blackwell და Rubin GPU-ს განთავსება და დაახლოებით 300 მეგავატი AI ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება. Firebird-ის უფრო ფართო სტრატეგია სომხეთის გარდა ყაზახეთსა და სხვა განვითარებად ბაზრებსაც მოიცავს. კომპანიის გლობალური ინფრასტრუქტურული გეგმა დაახლოებით 2 გიგავატ სიმძლავრეს ითვალისწინებს.
NVIDIA-მ ასევე განაცხადა, რომ Firebird-ში ინვესტირებას გეგმავს. კომპანიის ინვესტორებს შორის უკვე არის ამერიკული AI ინფრასტრუქტურის კომპანია CoreWeave. ინვესტიციის მოცულობა NVIDIA-ს საჯაროდ არ დაუსახელებია.
პროექტში სომხეთის სახელმწიფოც მონაწილეობს. 2026 წლის აპრილში ქვეყნის მაღალი ტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტრომ Firebird AI-სთან 25 მილიონი დოლარის ღირებულების შეთანხმება გააფორმა, რომლის ფარგლებში სახელმწიფო მაღალი წარმადობის გამოთვლით რესურსებს შეიძენს. მათი გამოყენება ადგილობრივი მკვლევრების, უნივერსიტეტების, AI სპეციალისტებისა და სტარტაპებისთვის იგეგმება.
8 აგვისტოს გახსნის ცერემონიას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ჟასლან მადიევი, NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტი რევ ლებარედიანი და სომხეთში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული დევიდ ალენი დაესწრნენ.
წყაროები:
https://blogs.nvidia.com/blog/firebird-ai-factory-armenia-blackwell-rubin-dsx/
https://www.firebird.ai/news-firebird-grand-opening.html
https://www.primeminister.am/en/press-release/item/2026/08/08/Nikol-Pashinyan-visit-to-AI-factory/