შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების განახლებული ანგარიშის (გზშ) თანახმად, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ძირითადი პარამეტრები დაკორექტირდა.

უწყებისთვის 7 აგვისტოს წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2025 წელს დამტკიცებულ პროექტთან შედარებით, ახალი რედაქციით მცირდება საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი, ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების მოცულობა, ასევე არხისა და აუზის სიღრმე.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, 30%-ით მცირდება ფსკერდაღრმავების სამუშაოები. თუ აქამდე შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული იყო 7.5 მილიონი კუბური მეტრი ფსკერული მასალის ამოღება, 2026 წლის ოპტიმიზებული მაჩვენებელი 5.25 მილიონ კუბურ მეტრითაა განსაზღვრული.

ამასთან, საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი 113.1 ჰექტარიდან 105 ჰექტარამდე შემცირდა (კლება 7.2%), ხოლო არხის სიგრძემ 2 000 მეტრის ნაცვლად 1 800 მეტრი შეადგინა (კლება 10%).

ცვლილებები შეეხო სიღრმეებსაც - არხის გარანტირებული სიღრმე 11.3%-ით, მინუს 20.31 მეტრიდან მინუს 18 მეტრამდე შემცირდა, ხოლო აუზის გარანტირებულმა სიღრმემ მინუს 17.21 მეტრის ნაცვლად მინუს 15.20 მეტრი შეადგინა (კლება 11.6%).

განახლებული პროექტის თანახმად, ერთადერთი პარამეტრი, რომელიც ოდნავ გაიზარდა, ტალღმტეხის სიგრძეა: თუ აქამდე გათვალისწინებული იყო 1 370 მეტრი ტალღმტეხი, ახალი მისი სიგრძე 0.4%-ით გაიზარდა და 1 376 მეტრით განისაზღვრა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პარამეტრების კორექტირება საპროექტო და საოპერაციო მაჩვენებლების, ასევე დაზუსტებული ჰიდროლოგიური, გეოლოგიური და ბათიმეტრიული მონაცემების საფუძველზე განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ პარამეტრების კორექტირებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმაც".

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ანაკლიის პორტის პირველი ფაზით გათვალისწინებული ფუნქციური შესაძლებლობები არ შემცირებულა და საბაზისო პროექტის შემდეგ, დეტალური პროექტით დაზუსტდა პარამეტრები.

"Design & Build კონტრაქტის ფარგლებში საბაზისო პროექტის შემდეგ, 100%-იანი დეტალური პროექტი მომზადდა, რომლის დროსაც, დამატებითი ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, ბათიმეტრიული, ჰიდროდინამიკური და ნავიგაციური კვლევების საფუძველზე დაზუსტდა როგორც ფსკერდაღრმავების, ისე ტალღმტეხისა და შემოსასვლელი არხის პარამეტრები.

არასწორია მტკიცება, თითქოს 17.5-18 მეტრის სიღრმე Panamax-ის ტიპის გემების მიღებას ზღუდავს. აღნიშნული პარამეტრები უზრუნველყოფს როგორც Panamax-ის, ისე უფრო დიდი Post-Panamax-ისა და Bosphorusmax-ის კლასის მაღალი ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების მომსახურებას.

ასევე არასწორია, 7.5 მლნ მ³ და 5.25 მლნ მ³ ფსკერული მასალის პირდაპირი შედარება. პირველი მაჩვენებელი განისაზღვრა საბაზისო პროექტის ეტაპზე, იმავე საკონსულტაციო-საინჟინრო კომპანიის (საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია Royal HaskoningDHV) მიერ ვის მიერაც განისაზღვრა ასევე საბოლოო - 5.25 მლნ მ³, რომელიც არის დეტალური პროექტირებისა და განახლებული ბათიმეტრიული მონაცემების საფუძველზე დაზუსტებული მოცულობა შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხებისთვის. ამასთან, ნავმისადგომების მოწყობის ეტაპზე დამატებით, დაახლოებით 3 მლნ მ³-მდე მასალის ამოღებაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ მონაცემებით პორტის "შემცირებაზე" დასკვნის გაკეთება ტექნიკურად მცდარია", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

www.bpn.ge