ბუნკერებსა და თავშესაფრებში სპეციალიზაციის მქონე უძრავი ქონების სააგენტოს თანახმად, გერმანიაში მათ სერვისებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.
გასულ წელს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანელები ომისთვის 2029 წლისთვის უნდა იყვნენ მზად. ევროპაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების საშიშროების გათვალისწინებით, გერმანიის მთავრობა ზრდის თავდაცვის ხარჯებს და ავტომობილების მწარმოებლები განიხილავენ, ქარხნები სამხედრო აღჭურვილობის დასამზადებლად გამოიყენონ.
მოსახლეობას აშფოთებს შესაძლო ომი, რამაც მკვეთრად გაზარდა ინტერესი უძრავი ქონების სააგენტოების მიმართ, რომლებიც კლიენტებს ბირთვულ თავშესაფრებს სთავაზობენ.
როგორც ერთ-ერთი ასეთი სააგენტოს მფლობელი პიტერ აურნჰამერი ამბობს, მის კომპანიას კლიენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰყავს და საკუთარ სახლებში თავშესაფრის მოწყობით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.
გერმანიაში მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის პერიოდიდან დიდი რაოდენობის ბუნკერები და თავშესაფრებია მორჩენილი, თუმცა მათი უმრავლესობა განახლებას საჭიროებს. Bunker Makler-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ გერმანიაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არცერთი საჯარო თავშესაფარი არ არსებობს. ბუნდესტაგის ანგარიშის თანახმად, მე-20 საუკუნეში აშენებული 2,000 თავშესაფრიდან სულ 579-ია შემორჩენილი, რომლებიც 478,000 ცალკეულ ფართს მოიცავს.
„გასული წლის პოლიტიკურმა მოვლენებმა ჩვენს საზოგადოებაში დამოკიდებულების ცვლილება გამოიწვია. ამიტომ ოჯახები ახლა თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომებს იღებენ“, – ვკითხულობთ ვებგვერდზე.
კომპანია მსურველებს ბუნკერების წინასწარ დაჯავშნის შესაძლებლობასაც სთავაზობს. თავშესაფრების დღიური ღირებულება მშვიდობის დროს 35-დან 89 ევრომდე მერყეობს, ხოლო საგანგებო სიტუაციების დროს ფასი 180 ევროს აღწევს.
უფრო ძვირადღირებული პაკეტები 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს ოთახს, სამი თვის საკვების მარაგსა და სპაზონას მოიცავს.
თავშესაფრების განახლებას შვეიცარიაც გეგმავს. გასულ წელს, შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ ამ მიზნისთვის 250 მილიონ ევროს გამოყოფს. შვეიცარიის კანონმდებლობის თანახმად, თავშესაფარზე წვდომა ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. თავშესაფარი უნდა ჰქონდეს ყველა ახლად აშენებულ კორპუსსაც.
თავშესაფრებს ჯერ კიდევ აქვს კარი ბირთვული აფეთქებისგან თავდასაცავად, მაგრამ მოსახლეობამ მათ სხვა დანიშნულება მოუძებნა და ღვინის სარდაფებად გამოიყენა.
წყარო: euronews georgia