აშშ-ის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 2,2 მილიარდი დოლარის სახელმწიფო დაფინანსება გაყინეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სასწავლო დაწესებულებამ უარყო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნები.

„ანტისემიტიზმთან ბრძოლის გაერთიანებული სამუშაო ჯგუფი აცხადებს ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 2,2 მილიარდი დოლარის გრძელვადიანი გრანტებისა და 60 მილიონი დოლარის გრძელვადიანი კონტრაქტების გაყინვის შესახებ“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას თეთრმა სახლმა ჰარვარდს გაუგზავნა მოთხოვნების სია, რომელიც ითვალისწინებდა უნივერსიტეტის მართვაში რადიკალურ ცვლილებებს. ჰარვარდის უნივერსიტეტმა აღნიშნული მოთხოვნები უარყო. სასწავლო დაწესებულებაში განმარტეს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, აჭარბებს მთავრობის უფლებამოსილებას სამოქალაქო უფლებების აქტის შესაბამისად და ემუქრება კერძო დაწესებულების ავტონომიას.

თავის მხრივ, აშშ-ის განათლების სამინისტროში აღნიშნეს, რომ სასწავლო პროცესში არსებული დარღვევები მიუღებელია.

„ებრაელი სტუდენტების შევიწროება დაუშვებელია. ელიტური უნივერსიტეტები დროა, სერიოზულად მიუდგნენ ამ პრობლემას და აიღონ მნიშვნელოვანი ცვლილებების ვალდებულება, თუ მათ სურთ გადასახადის გადამხდელთა მხარდაჭერის მიღება მომავალშიც“, – აღნიშნულია განცხადებაში.


1tv.ge