შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მზადყოფნას გამოთქვამს, მაღაროელებისთვის ერთი თვის ანაზღაურება გასცეს და გარკვეული დათქმებით განაახლოს სამუშაო პროცესი.
ფერაძის თქმით, დღეს გაიმართა ჭიათურაში მოქმედ სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებულ მდგომარეობასა და იმავე კომპანიებში დასაქმებულთა საკითხებთან დაკავშირებით სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ფერაძის თქმით, სამუშაო ჯგუფი დეტალურად განიხილავს მიწისქვეშა სამუშაოების განახლებაზე კომპანიის მხრიდან წარმოდგენილ გეგმას.
„სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დღეს უშუალოდ ჭიათურაში გაიმართა შეხვედრა. კომპანიამ წარმოადგინა ამ შეხვედრაზე პოზიცია მიწისქვეშა სამუშაოების განახლების გეგმაზე. მოხდება ამ გეგმის დეტალური განხილვა იმ პერსპექტივებზე, რომელიც განახლებას ეხება. არის კომპანიის მზაობა, განაახლოს სამუშაო პროცესი გარკვეული დათქმებით, ასევე მზად არის, გასცეს ერთი თვის ანაზღაურება. ყველა დანარჩენი დეტალი, რომელიც კომპლექსურია, უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იქნება გაანალიზებული და ცნობილი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.