გამყვან ტურიზმზე მომუშავე კომპანიებში კლების ტენდენციაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ დეკემბრიდან დაწყებული, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, ისევე როგორც სხვა სექტორებზე, გავლენა იქონია გამყვან ტურიზმზეც.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Voyager 365-ის გენერალურმა მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა განუცხადა, წინა წელთან შედარებით, ზაფხულის ტურ-პაკეტების ჯავშნები, თითქმის, 15-20%-ით არის შემცირებული.
„რაც შეეხება იმ მიმართულებებს, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია - ზაფხულისთვის ისევ აქტუალურია თურქეთი და ევროპის საზღვაო კურორტები. გარდა ამისა, საკმაოდ გააქტიურებულია მოთხოვნა ეგზოტიკური მიმართულებების კუთხით. ამ ჭრილში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჯგუფური ტურები - იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, ასევე ინდონეზიაში“, - აღნიშნა გოგა ქუცნიაშვილმა.
ბუნებრივია, გამყვანი ტურიზმის სექტორში იმ ახალ მიმართულებაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომელსაც საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლით უკვე დაუკავშირდა - ეს არის დიდი ბრიტანეთი.
„შემომყვანი ტურიზმისთვის ბრიტანეთის ბაზარი საკმაოდ საინტერესო და მსხვილი სეგმენტია. რაც შეეხება გამყვანი ტურიზმის მიმართულებას, ამ კუთხით, ვფიქრობ, რომ საწყის ეტაპზე, დიდი დატვირთვა არ იქნება, რადგან ბრიტანეთთან სავიზო პროცედურები გვაქვს და ვიზები არც ისე მარტივად გაიცემა. თუმცა, ცხადია, ახალი ბრიტანული ავიაკომპანიების შემოსვლა საქართველოში ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა ქართველი მოგზაურებისთვის“, - განმარტა Voyager 365-ის გენერალურმა მენეჯერმა.
მან ფასების დინამიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ტურ-პაკეტები გარკვეული პროცენტული მაჩვენებლით, თითქმის ყოველწლიურად ძვირდება, თუმცა მიმდინარე წელს ფასების საკმაოდ მკვეთრი მატება შეინიშნება.
„ტურისტული პაკეტების ღირებულებაზე განსაკუთრებული გავლენა, მსოფლიო მასშტაბით, სასტუმროების გაძვირებამ იქონია. განთავსების ობიექტები გაძვირებულია თითქმის ყველა პოპულარული ტურისტული მიმართულებით, მათ შორის - თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში. ყველაზე მეტად სასტუმროების ღირებულება იტალიაშია გაზრდილი და გასული წელთან შედარებით, რიგი სასტუმროების შემთხვევაში, ფასების მატება 80%-საც კი აღწევს. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2024 წელთან შედარებით, სასტუმროებისა და ავიაბილეთების ერთობლივმა გაძვირებამ, ტურისტული პაკეტების ფასები 25-30%-ით გაზარდა“, - განმარტა გოგა ქუცნიაშვილმა.
სექტორის წარმომადგენლები ელიან, რომ ტურისტული პაკეტების გაძვირების პროცესი შემდგომ წლებშიც გაგრძელდება, რასაც მსოფლიოში მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნა და ასევე, გლობალურად მიმდინარე არასტაბილური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები განაპირობებს.
საქსტატის ინფორმაციით, გასულ 2024 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ თითქმის 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 7.7 პროცენტით მეტი იყო წინა, 2023 წლის მაჩვენებელზე.