შაქრის ფასის ცვლილება პირდაპირ პროპორციულია ტკბილეულის ფასის ცვლილებასთან, - ამის შესახებ საკონდიტრო "გურმეს" გაყიდვების მენეჯერმა რუსა მუზაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც მთავრობის მიერ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე ინფორმაციით, ნედლეულის გაძვირება "გურმეს" პროდუქციის ღირებულებაზე აისახება.

"ჩვენი კომპანია პროდუქციის წარმოებისთვის იმპორტირებულ შაქარს იყენებს. შესაბამისად, თუ შაქრის ფასი გაიზრდება ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქციის ღირებულებაზე აისახება", - აცხადებს რუსა მუზაშვილი.

ცნობისთვის, "გურმე" ბაზარზე 12 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიის საწარმო თბილისში, მირიან მეფის 70 ნომერში მდებარეობს. ასევე,  "გურმეს"  2 კაფე აქვს, რომლებიც ასევე, თბილისში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ აუდიტის შედეგად, „გურმემ“ ISO 22000:2018 საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო, რომელიც კონკრეტულად კვებით-სამრეწველო მიმართულებას ეხება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

10 აპრილს გამოქვეყნებული  დადგენილების  მიხედვით, 1 კგ. შაქარი 40 თეთრის გადასახადით დაიბეგრება. დადგენილება 2025 წლის 22 აპრილიდან ამოქმედდება და ძალაში 2026 წლის 22 აპრილამდე იქნება.

bp.ge