საქართველოში ცხოვრების ხარისხი ყველაზე მაღალი თბილისშია. ამის შესახებ მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსისშედეგებშია აღნიშნული, რომელიც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ახალი ინდექსია.
მუნიციპალური ცხოვრების ხარისხის ინდექსი ზომავს და ადარებს ცხოვრების ხარისხსა და დონეს მუნიციპალიტეტებს შორის. ის ცხოვრების ხარისხს შემდეგი ინდიკატორების მიხედვით ზომავს: (1) ეკონომიკა, (2) დაკავშირებულობა, ინფრასტრუქტურა და სერვისები, (3) დემოგრაფია და სოციალური ხელმისაწვდომობა, (4) ადგილობრივი დემოკრატია და გენდერული თანასწორობა.
ინდექსი მერყეობს უმაღლესი 0.67-დან, რომელიც დედაქალაქმა თბილისმა მიიღო, უმცირეს 0.28-მდე, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ინდექსში თბილისის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია, მას მოსდევს ბათუმი, დანარჩენ მუნიციპალიტეტებს შორის განსხვავებები კი შედარებით უმნიშვნელოა.
უფრო დეტალურად, დედაქალაქი ლიდერობს ოთხივე ინდიკატორის მიმართულებით და მთლიანობაში აღწევს 0.67 ინდექსის პუნქტს. თბილისმა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 0.78 ინდექსის პუნქტი - ეკონომიკის მიმართულებით მიიღო, ყველაზე დაბალი კი – დემოგრაფიასა და სოციალურ ხელმისაწვდომობაში, რისი მიზეზიც მოსახლეობის მაღალი რაოდენობაა. თბილისს მოსდევს ბათუმი 0.11 ინდექსის პუნქტის სხვაობით, რაც მოსალოდნელი შედეგია. ბათუმში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ეკონომიკის მიმართულებით, რაც საკმაოდ ახლოსაა დედაქალაქის მაჩვენებელთან, ხოლო ყველაზე დაბალი – ადგილობრივ დემოკრატიასა და გენდერულ თანასწორობაში, რაც არჩევნებში დაბალი აქტივობითაა გამოწვეული. მესამე ადგილზეა ყაზბეგი, 0.16 ინდექსის პუნქტის ჩამორჩენით თბილისთან მიმართებით და 0.05-ით – ბათუმთან.