აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს მოკლევადიან საგადასახადო შეღავათებს ავტოკომპანიებისთვის.
„ვფიქრობ დახმარების გზებზე იმ ავტოკომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ კანადაში, მექსიკასა და სხვა ქვეყნებში წარმოებული ნაწილებიდან ამერიკულ წარმოებაზე გადასვლას. ამისთვის მათ სჭირდებათ მეტი დრო. ისინი აპირებენ, აქ, ამერიკაში დაიწყონ ამ ნაწილების წარმოება, მაგრამ მათ სჭირდებათ ცოტა მეტი დრო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, გასულ კვირას აშშ-ის საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ აშშ-ში სმარტფონებსა და კომპიუტერებზე არ გავრცელდება დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი საერთაშორისო გადასახადი და ჩინეთიდან შემოტანილ საქონელზე დაწესებული ტარიფი.
„მე ძალიან მოქნილი ადამიანი ვარ. აზრს არ ვიცვლი, მაგრამ მოქნილი ვარ. მე ვესაუბრები Apple-ის აღმასრულებელ დირექტორს, ტიმ კუკს, მე ვეხმარები მას. არ მინდა, ვინმე დავაზარალო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ტარიფების დაწესებას გეგმავს.
„ჩვენ აღარ ვაწარმოებთ საკუთარ მედიკამენტებს, საკუთარ ფარმაცევტულ პროდუქციას. წამლების კომპანიები არის ირლანდიაში და სხვა მრავალ ადგილას. ჩინეთში. რაც მე უნდა გავაკეთო, არის ტარიფის დაწესება“, – აღნიშნა ტრამპმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა კონკრეტული პროცენტი და ვადები გათვალისწინებული, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, მაქვს ვადები – უახლოეს მომავალში. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან გვსურს, საკუთარი მედიკამენტები ვაწარმოოთ“.