ცნობილია, რომ მიკროპლასტმასი ჩვენს სასმელებში ხვდება ბოთლებიდან, ჭიქებიდან, შეფუთვიდან. ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ პლასტმასით ყოველდღიურად „გვამარაგებს“ პლასტმასის ჩაიდნებიც.
ავსტრალიის ქვინზლენდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს სურს, რომ ასეთ ჩაიდნებზე განთავსდეს შესაბამისი გამაფრთხილებელი ეტიკეტები და მკაფიო ინსტრუქცია იმის შესახებ, როგორ შევამციროთ ამ პროდუქტებიდან პლასტმასის გადაყლაპვის რისკი.
პოლიპროპილენის რვა ჩაიდანში ადუღებული წყლის ქიმიურ ანალიზზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ასეთ ჩაიდნებში წყლის ადუღებისას, ჩაიდნის შიდა ზედაპირიდან ყოველ მილილიტრ წყალზე თითქმის 12 მილიონი პლასტმასის ნანონაწილაკი გამოიყოფა.
ეს ნიშნავს დაახლოებით 3 მილიარდ ნაწილაკს საშუალო ზომის ჩაის ჭიქაში ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე მასში ჩაის პაკეტს მოათავსებთ, რომელიც თავის მხრივ მიკროპლასტმასის მილიარდობით ნაწილაკს გამოყოფს.
„პლასტმასის ჩაიდნებში წყლის ადუღება მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის რუტინაა; დავადგინეთ, რომ ამ მარტივი ქცევით პლასტმასის ციცქნა ნაწილაკები გამოიყოფა წყალში, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ“, — ამბობს ქვინზლენდის უნივერსიტეტის ქიმიკოსი ელვის ოკოფო.
მისი განცხადებით, ეს კვლევა გვთავაზობს მტკიცებულებას იმისა, რომ პლასტმასის ჩაიდნები შეიძლება ადამიანებზე ნანოპლასტიკისა და მიკროპლასტმასის ყოველდღიური ზემოქმედების წყარო იყოს და რომ პლასტმასის ახალი ჩაიდნები ყოველდღიური ადუღებისას ამ ნაწილაკთა მნიშვნელოვან კონცენტრაციას გამოყოფს.
ნანოპლასტმასი მიკროპლასტმასზე კიდევ უფრო პატარაა; ამ კვლევაში გაზომეს სხვადასხვა ჩაიდანში ადუღებული ორი სხვადასხვა ტიპის წყალი.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ წყალში გამოყოფილი პლასტმასის ნაწილაკების კონცენტრაციის შემცირება შესაძლებელია ორი გზით.
პირველი არის ონკანის ხისტი წყლის გამოყენება, რომელიც უფრო მეტ მინერალს შეიცავს. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ხისტი წყლის ადუღება წარმოქმნის კირის ნადების საფარს ჩაიდნის შიგნით, რომელიც პლასტმასას ადგილზე აკავებს.
მეორეა მრავალჯერ ადუღება — პლასტმასის გამოყოფა მნიშვნელოვნად შემცირდა 10 ადუღების შემდეგ. 50 ადუღების შემდეგ კი რაოდენობა ძალიან დაბალი იყო, მაგრამ მაინც დაფიქსირებადი.
პლასტმასის დონის შემცირების მიუხედავად, მკვლევრებმა მაინც დათვალეს მილილიტრზე 820 000 ნანონაწილაკი 150-ე ადუღებაზე, შესაბამისად, დაახლოებით 250 მილიონი ნაწილაკი ყოველ სტანდარტულ ჭიქაში.
ეს მიუთითებს ერთ ტაქტიკაზე, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ნანოპლასტმასებისა და მიკროპლასტმასების გადაყლაპვის რისკის შესამცირებლად — ახალ ჩაიდანში წყალი რამდენჯერმე აადუღეთ და გადაღვარეთ.
ზოგიერთი მწარმოებელი ამას ჩაიდანს მოყოლილ ინსტრუქციაში გვირჩევს, მაგრამ ოკოფო ამბობს, რომ გაფრთხილება უფრო მკაფიო უნდა იყოს.
„კვლევა წარმოაჩენს, რამხელა როლი შეიძლება შეჰქონდეს სახლში გამოყენებულ პროდუქტებს პლასტმასის ყოველდღიურ ზემოქმედებაში და როგორ შეიძლება შეამციროს ეს ზემოქმედება პატარა პრაქტიკულმა ცვლილებებმა ყოველდღიურ რუტინაში“, — აღნიშნავს ოკოფო.
მისი თქმით, პირველ გამოყენებამდე უბრალოდ გამორეცხვა გავრცელებული პრაქტიკაა, მაგრამ ამას ისეთივე შედეგი არ მოაქვს, როგორიც რამდენჯერმე წყლის ადუღებას და გადაღვრას.
ალბათ გაინტერესებთ, რამდენად სახიფათოა ეს პლასტმასა ჩვენთვის. მეცნიერებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან, მაგრამ ფიქრობენ, რომ ჩვენს სხეულში მოლივლივე პლასტმასის პატარა ნაწილაკები ნამდვილად არ უნდა იყოს სასარგებლო.
მიკროპლასტმასის ყლაპვას ბევრი კვლევა უკავშირებს ჯანმრთელობის პრობლემებს, როგორიცაა თუნდაც ნაწლავებისა და ფილტვის პრობლემები, პარკინსონის მსგავსი ნეიროდეგენერაციული დაავადებები. პლასტმასს შეიძლება გადაჰქონდეს პათოგენები და ბაქტერიებიც კი, რაც პოტენციურად ზრდის ინფექციურ დაავადებათა რისკს.
პლასტმასის ციცქნა ნაწილაკების ტოქსიკურობის შესახებ კვლევები გრძელდება; ამასობაში კი მნიშვნელოვანია ვიპოვოთ საკვებიდან და სასმლიდან მისი ამოღების გზები — პირველ რიგში კი შევაჩეროთ მათი მოხვედრა გარემოში.
მკვლევართა ჯგუფს სურს, რომ შემდეგ კვლევაში შეისწავლოს უფრო მეტი სახის ჩაიდანი და სამზარეულოს ტექნიკა, რათა ნახონ, რა როლს შეიძლება ასრულებდეს პლასტმასის პროდუქტის ასაკი (კვლევაში შემოწმებული ყველა ჩაიდანი უხმარი, ახალი იყო).
კვლევა NPJ Emerging Contaminants-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.uq.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.