საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას არ შეუერთდა. გადაწყვეტილება 15 მაისს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, სადაც 30-ზე მეტმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა სპეციალური ტრიბუნალის ხელმძღვანელი კომიტეტის შექმნას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯი ქვეყნისთვის „დამატებით რისკებსა და საფრთხეებს“ შექმნიდა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს მიმართ ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის დამოკიდებულების ფონზე, თბილისი ცდილობს თავი აარიდოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უსაფრთხოების გამოწვევებს გაზრდის.
სპეციალური ტრიბუნალის იდეა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის სამართლებრივ შეფასებას უკავშირდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა Andrii Sybiha განაცხადა, რომ ჰააგაში შექმნილი ტრიბუნალი თანამედროვე „ნიურნბერგის პროცესის“ მსგავსი იქნება და მიზნად რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ისახავს.
ინიციატივას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და სხვა პარტნიორებმა, თუმცა მას არ შეუერთდნენ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ტრიბუნალის სრული ამოქმედება შესაძლოა 2027 წლიდან დაიწყოს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მხარდაჭერას საქართველოსთვის უსაფრთხოების რისკების შექმნა შეეძლო და სწორედ ამ გათვლით მიიღო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, არ შეერთებოდა შესაბამის შეთანხმებას.
„ოცნების“ წევრმა, თორნიკე ფაღავამ, საკუთარი პოზიციის განმარტებისას აღნიშნა, რომ საქართველო რეალურ გეოპოლიტიკურ საფრთხეებთან ცხოვრობს და თქვა: „ბატონმა მაკრონმა განაცხადა, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნისას აუცილებლად გავითვალისწინებთ რუსეთის ფაქტორს. ძალიან დიდი ბოდიში, 50 კმ-ში დგანან თბილისიდან და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ჩვენი ქვეყნის არქიტექტურას ვქმნით და შევქმნით, აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ ფაქტორს, ისევე როგორც გაითვალისწინებენ ფრანგები“.
ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა ირაკლი ჭეიშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ქვეყნის უსაფრთხოების გათვალისწინებით იღებს: „ის, რომ კონკრეტულ საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მსგავსი რეზოლუციები და მსგავსი სანქციები... ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობ. მეტი რა ვთქვათ, რა თქმა უნდა არის რისკი უსაფრთხოების. მასე ვსაუბრობდით 2-3 წლის წინ, რატომ არ ვუერთდებოდით ჩვენ სანქციებს, როგორ ვხსნიდით? იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ-თქო. შესაბამისად, სადაც რისკი არსებობს ამის, ჩვენ ვართ მოწოდებით სიმაღლეზე და ვღებულობთ იმ გადაწყვეტილებებს, რა გადაწყვეტილებებსაც ვღებულობთ“.
ცნობისთვის, საქართველო გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა. მოლდოვაში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე, სადაც 46 ქვეყანა მონაწილეობდა, 36 ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოთქვეს მზადყოფნა, შეერთებოდნენ ახალ გაფართოებულ შეთანხმებას, ხოლო საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა, თურქეთმა, სერბეთმა, ალბანეთმა, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, სლოვაკეთმა და მალტამ მხარდაჭერა არ გამოხატეს.