რუმინელმა სამართალდამცავებმა, ფრანგი და ბრიტანელი კოლეგების დახმარებით, ინტერნეტ-თაღლითების ჯგუფი გააუვნებელყვეს, რომელმაც ყალბი საქმიანი ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნით, მინიმუმ, სამი მილიონი ევროს ოდენობის მოგება მიიღო. 13 ეჭვმიტანილი რუმინეთში დააკავეს, 7 კი - დიდ ბრიტანეთში. ამის შესახებ იუსტიციის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანო, „ევროჯასტი“ იუწყება.
კანონიერი კომპანიების სახელით ყალბი ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნით, თაღლითებმა შეძლეს როგორც კერძო პირების, ასევე მეწარმეების შეცდომაში შეყვანა. ისინი ყალბ ინვოისებს აგზავნიდნენ, მოტყუებული კლიენტები კი ფულს თაღლითების ანგარიშებზე რიცხავდნენ. რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, სულ 113 დაზარალებულია იდენტიფიცირებული.
ასობით „ფინანსური ვირი“ რუმინეთში დაიქირავეს
თავისი კრიმინალური პროექტის განსახორციელებლად, რუმინეთში დაფუძნებული ორგანიზაცია ასობით „ფინანსურ ვირს“ ქირაობდა. ისინი დიდ ბრიტანეთში საბანკო ანგარიშების გასახსნელად გაიგზავნენ. ამის შემდეგ, თაღლითობის შედეგად მიღებული ფული ამ ახალ ანგარიშებზე შეიტანეს, რითაც მისი გათეთრება მოხდა. „ევროჯასტის“ ცნობით, კრიმინალური მოგების ნაწილი ბრიტანული SIM ბარათების, VPN კავშირების და დიდი ბრიტანეთში ბინადრობის გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით გათეთრდა.
რუმინეთში გამოძიება 2020 წელს დაიწყო, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ეს ინტერნეტ- თაღლითობა 2018 წლიდან მიმდინარეობდა. გაერთიანებულ სამეფოსთან კრიმინალური ჯგუფის კავშირებმა ტრანსსასაზღვრო საგამოძიებო გუნდის შექმნა განაპირობა, რომელიც „ევროჯასტისა“ და ევროპის პოლიციის („ევროპოლი“) მხარდაჭერით მოქმედებდა.
9 აპრილს რუმინელმა, ბრიტანულმა და ფრანგმა სამართალდამცავებმა 31 ჩხრეკა ჩაატარეს. ეს რეიდები რუმინეთში 13 ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებით დასრულდა, რომლებსაც თავისუფლება აღუკვეთეს. კიდევ შვიდი პირი გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს.
წყარო: 1 არხი